საზოგადოება
ზბიგნევ რაუ: პოლონეთი ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს საზოგადოების მისწრაფებას, რომ ჰქონოდა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და მშვიდობა

 საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. პოლონეთი ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად უჭერდა მხარს საქართველოს საზოგადოების მისწრაფებას, რომ ჰქონოდა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და მშვიდობა, ასევე სუვერენული უფლება განვითარების მოდელის, ალიანსისა და ინტეგრაციული ინსტიტუტის არჩევის, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ განაცხადა.

როგორც ზბიგნევ რაუმ ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, პოლონეთსა და საქართველოს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ.

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ მინისტრს, ილია დარჩიაშვილს სამუშაო ვიზიტით მოწვევისთვის საქართველოში და მსოფლიოში ცნობილი ქართული მასპინძლობის გაწევისთვის. საქართველო და ქართული საზოგადოება ტრადიციულად დიდი სიმპათიით სარგებლობს პოლონეთში. ეს სიმპათია ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პერიოდში და ასევე რუსეთის იმპერიალიზმის წინააღმდეგ ერთობლივი წინააღმდეგობის გაწევისას, რომლის მსხვერპლი არის დღეს უკრაინა, 2008 წელს კი იყო საქართველო. პოლონეთი ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერდა საქართველოს საზოგადოების მისწრაფებას, რომ ჰქონოდა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და მშვიდობა და ასევე სუვერენული უფლება განვითარების მოდელის, ალიანსისა და ინტეგრაციული ინსტიტუტის არჩევის. ღრმად გვჯერა, რომ ევროპის მშვიდობა და უსაფრთხოება სრულად იქნება რეალიზებული, როდესაც შესაძლებელი იქნება, განვითარების მოდელისა და უსაფრთხოების ჰარმონიზება ჩვენს კონტინენტზე, როდესაც ევროპა, ჩვენი თანამემამულის, რომის პაპ იოანე-პავლე მეორის დიდი ოცნების შესაბამისად, როგორც მან ევროპარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, შეძლებს ორი ფილტვით სუნთქვას, ორი ტრადიციით, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპა. მიგვაჩნია, რომ ჰარმონიზაცია, ევროპული უსაფრთხოების განუყოფლობა და თანაბარი განვითარების პირობების უზრუნველყოფა ევროპის მასშტაბით უნდა მიგვიყვანოს ღია კარის პოლიტიკის პრაქტიკულ განხორციელებამდე“, – განაცხადა რაუმ.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადება პოლონურ ენაზე გააკეთა. გამოსვლის სრული თარგმანის გავრცელება მოგვიანებით იგეგმება.