პოლიტიკა
ირაკლი ბერაია: ანტისახელმწიფოებრივი და სამარცხვინო განცხადებაა, თითქოს ნატო-ს სწავლებებში მონაწილეობა არ არის თავდაცვის ძალებისთვის პრიორიტეტული

 საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. აქ გაკეთდა განცხადება საქართველოს თავდაცვის ძალების ნატო-ს სწავლებებში არმონაწილეობის შესახებ, თითქოს ამ სწავლებებში მონაწილეობა არ არის თავდაცვის ძალებისთვის პრიორიტეტული და თითქოს ჩვენი სახელმწიფოსთვის არ არის პრიორიტეტული ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ეს არის სრული დეზინფორმაცია, ანტისახელმწიფოებრივი და სამარცხვინო განცხადება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ბერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობა ნატო-სთან დღითი დღე ღრმავდება და ძლიერდება.

ნატო-ში ინტეგრაცია არის ჩვენი უმთავრესი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტი. რეგიონში გაზრდილი საფრთხეების, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის პარალელურად, საქართველომ არათუ შეინარჩუნა ნატო-სთან პრაქტიკული თანამშრომლობის ხარისხი, არამედ ეს მიმართულება გახდა კიდევ უფრო ინტენსიური, რასაც ადასტურებს ნატო-მხრიდან პრაქტიკული წევრობის ინსტრუმენტების კიდევ უფრო გაფართოება და ამ გაფართოების ფარგლებში გადადგმული უპრეცედენტო მხარდაჭერის ნაბიჯები. ამას ადასტურებს 2020 წელს საქართველოში ჩატარებული ნატო-საქართველოს სწავლება, რომელსაც მთლიანად ქართული მხარე ხელმძღვანელობდა. ამას ადასტურებს საქართველოში 2022 წელს ჩატარებული მრავალეროვნული სამხედრო სწავლება – „ღირსეული პარტნიორი“, სადაც ნატო-არაერთი წევრი და პარტნიორი სახელმწიფო მონაწილეობდა; სადაც ჩვენს პოლიგონებზე და ჩვენ საჰაერო სივრცეში იყო აქტიურად გამოყენებული ნატო-წევრი სახელმწიფოების, პირველ ყოვლისა, აშშ-ის ტექნიკა. შარშან ვუმასპინძლეთ საერთაშორისო წვრთნების უპრეცედენტო რაოდენობას. ეს იყო ექვსი საერთაშორისო წვრთნა. წელს საქართველო მონაწილეობს ოც საერთაშორისო სწავლებაში. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს საერთაშორისო სწავლება „მტკიცე სული“, რომელიც საქართველოში ჩატარდება აგვისტო-სექტემბერში, სადაც ასევე იქნება წარმოდგენილი ნატო-წევრი და პარტნიორი სახელმწიფოები. ეს იქნება ქართულ-ამერიკული ხელმძღვანელობით ჩატარებული სამხედრო სწავლება. ძალიან ბევრი სწავლება, ასობით სწავლება ტარდება და, შესაძლოა, ყველა სწავლებაში ჩართვა არ იყოს შესაძლებელი, კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული. თუმცა ეს დინამიკა არის მნიშვნელოვანი, აქტიურად გავაგრძელებთ როგორც საერთაშორისო სწავლებების მასპინძლობას, ასევე მონაწილეობას. პირველ ყოვლისა, ეს ეხება ნატო-ეგიდით გამართულ სწავლებებს“, – განაცხადა ბერაიამ.

როგორც ბერაიამ აღნიშნა, ბოლო ორი წლის განმავლობაში, პოლიტიკური თვალსაზრისით, ნატო-საქართველოს ურთიერთობებში იყო უპრეცედენტოდ მზარდი დინამიკა.

იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, თავდაცვის მინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტები ნატო-შტაბბინაში, თავდაცვის ძალების მეთაურის ვიზიტი, მიმდინარე წლის 10-11 მაისს თავდაცვის ძალების მეთაური კიდევ ერთხელ სტუმრობს ნატო-შტაბბინას, სადაც ექნება შეხვედრები ნატო-სამხედრო კომიტეტთან. ჩვენ ველოდებით ალიანსის მხრიდან მაღალი დონის ვიზიტებს საქართველოში, რაც მოიცავს როგორც გენერალური მდივნის თანაშემწეების ვიზიტებს, ასევე ნოემბერში ნატო-სამხედრო კომიტეტის ვიზიტს და სხდომის გამართვას საქართველოში. ასევე უნდა აღინიშნოს უპრეცედენტოდ მაღალი თანამშრომლობა და ამის ზრდის დინამიკა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან, რასაც ადასტურებს ლოიდ ოსტინის განცხადება საქართველოსთვის უფრო მეტ მრავალფეროვან ამერიკულ სამხედრო მხარდაჭერაზე, უფრო სწრაფი და მოქნილი ფორმებით წვდომაზე. გუშინ გვქონდა საინტერესო საკომიტეტო მოსმენა დახურულ ფორმატში, სადაც განვიხილეთ თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიანი იმპლემენტაცია, სადაც შევეხეთ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების ყველა მიმართულებას და სახეზეა შთამბეჭდავი პროგრესი. ის განცხადებები, რაც კეთდება და მიზნად ისახავს საპირისპიროს მტკიცებას, არის ანტისახელმწიფოებრივი. სწორედ მსგავსი განცხადებები არის საჩუქარი ჩვენი ქვეყნის მტრისთვის. ასევე, მტრისთვის საჩუქარია უპასუხისმგებლო სუბიექტების არსებობა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში“, – აღნიშნა ბერაიამ.