პოლიტიკა
„რესპუბლიკურის“ შემდეგ, საქართველოში ჩატარებული სოცგამოკითხვის შედეგები აშშ-ის „დემოკრატიულმა“ ინსტიტუტმა გამოაქვეყნა

 საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 3 მაისს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეები კვლავ მტკიცედ უჭერენ მხარს ევროკავშირთან ახლო პოლიტიკურ (54%) და ეკონომიკურ (52%) თანამშრომლობას. „თუმცა, ასეთი მისწრაფებების მიუხედავად, მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროკავშირში გასაწევრიანებლად საკმარისს არ აკეთებს“.

ახალი კვლევა ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობის დაბალ ნდობაზეც მიუთითებს. გამოკითხულების 64% ამბობს, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიებიდან მათ ინტერესებს არცერთი წარმოადგენს. ამავე კვლევით, რესპონდენტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანო მოსახლეობის საჭიროებებს არ პასუხობს. ამასთან, ყოველი მეორე (51%) ამბობს, რომ არცერთ ქართულ ტელეარხს ენდობა.

კვლევა NDI-ისთვის დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK AID-ის ფინანსური ხელშეწყობით CRRC-საქართველომ ჩაატარა. გამოკითხვა ჩატარდა 2023 წლის 17-23 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 1 032 სატელეფონო ინტერვიუს საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის. კვლევის ავტორების თქმით, ცდომილების საშუალო ზღვარი +/-2%-ია.

კვლევის თანახმად, კვლავ მაღალია საქართელოს ევროკავშირში გაწევრიანებისადმი მოქალაქეთა მხარდაჭერა. გამოკითხულების 82% ამბობს, რომ მისაღებია ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი. 9%-ისთვის ეს მიზანი მიუღებელია, 8%-მა არ იცის. „ევროკავშირის მხარდაჭერის მაჩვენებელი ყველა დემოგრაფიულ კატეგორიაში მაღალია“.

გამოკითხულების უმრავლესობა – 35% – კვლავ ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა საკმარისს არ აკეთბს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. 28%-ის მოსაზრებით მთავრობა ამისთვის ყველაფერს აკეთებს, 18% მიიჩნევს, რომ მთავრობა ამისთვის საერთოდ არაფერს აკეთბს, 19%-მა არ იცის ან უარია პასუხზე.

წინა, დეკემბრის კვლევის მსგავსად, 73%-ია მათი რაოდენობა ვისთვისაც მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული პოზიცია, რომ ქვეყანა გახდეს ნატოს წევრი. „ნატოს მხარდაჭერა განსაკუთრებით მაღალია ახალგაზრდებს შორის“.

კვლევის მიხეედვით, „უმრავლესობას რუსეთთან ახლო ურთიერთობას ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია ურჩევნია“. გამოკითხულების 69% ამბობს, რომ საქართველო უფრო მეტ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციით. მხოლოდ 7%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა უფრო მეტ სარგებელს რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების სანაცვლოდ უარს იტყვის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე. „სხვა ჯგუფებთან შედარებით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ნაკლებად ხედავენ სარგებელს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაში“.

რესპონდენტების 35%-ს მიაჩნია, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 27% ფიქრობს, რომ სწორი მიმართულებით ვითარდება, 22%-ის მოსაზრებით საერთოდ არ იცვლება, 17%-მა არ იცის ან უარია პასუხზე.

2022 წლის ივლისის კვლევასთან შედარებით, 30%-დან 39%-მდე გაიზარდა მათი რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა. 42% ფიქრობს, რომ არ არის დემოკრატიული, 17%-მა არ იცის. „მათი წილი ვინც საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად მიიჩნევს ყველაზე მეტად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და თბილისის მოსახლეობას შორის გაიზარდა“.

წინა, დეკემბრის კვლევასთან შედარებით, 51%-დან 43%-მდე შემცირდა მათი რაოდენობა, ვინც მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს. 39%-დან 43%-მდე კი – გაიზარდა მთავრობის საქმიანობით უკმაყოფილოთა რადენობა. „მთავრობის შეფასება გაუარესებულია ახალგაზრდებს შორის და სოფლის ტიპის დასახლებებში“.

წინა დეკემბრის კვლევასთან შედარებით, 14%-დან 17%-მდე გაიზარდა მათი რაოდენობა, ვინც პრეზიდენტის საქმიანობას კარგად აფასებს. 32%-დან 28%-მდე შემცირდა მათი რიცხვიმ ვინც მის საქმოანობას უარყოფითად აფასებს. 45%-დან 41%-მდე შემცირდა მისი საქმიანობით საშუალოდ კმაყოფილი რესპონდენტების წილი. „პრეზიდენტის საქმიანობის შეფასების დადებითი მაჩვენებელი ყველაზე მაღალი ახალგაზრდებსა და ქართული ოცნების მხარდამჭერებს შორისაა“.

რაც შეეხება, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, 1%-ული პუნქტით, 30%-მდე შემცირდა მათი რიცხვი, ვინც მის საქმიანობას კარგად აფასებს. ასევე 1%-ული პუნქტით – 28%-მდე გაიზარდა მისი საქმიანობის უარყოფითად შეფასების მაჩვენებელიც. 36%-დან 31%-მდე შემცირდა მათი რაონოდებაც, ვინც მის საქმიანობას საშუალოდ აფასებს. „პრემიერის საქმიანობის შეფასების დადებითი მაჩვენებელი ყველაზე მაღალი სოფლის ტიპის დასახლებებში, 55+ ასაკის მოსახლეობასა და ქართული ოცნების მხარდამჭერებს შორისაა“.

საქართველოს პარლამენტის საქმიანობას კარგად მხოლოდ 13% აფასებს, 37% ცუდად, 40% საშუალოდ. ამასთან, „მოსახლეობის უმრავლესობის (51%)აზრით, პარლამენტის წევრები მათნაირი ადამიანების შეხედულებებს არ ითვალისწინებენ“. გარდა ამისა, რესპონდენტების 39% ფიქრობს, რომ პარლამენტი ეფექტიან ზედამხედველობას ვერ უწევს მთავრობის საქმიანობას. 49%-ის განცხადებით, მათთვის მნივნელოვან კანონებს ვერ ამტკიცებს. 56%-ს მიაჩნია, რომ პარლამენტი რეგულარულად არ ეკონტაქტებს მოქალაქეებს.

რესპონდენტების 64%-ის განცხადებით, საქართველოში არ არსებობს ერთი პოლიტიკური პარტია მაინც, რომელიც მის ინტერესებს გამოხატავს. მხოლოდ 24% ამბობს, რომ ასეთი პარტია მოიძებნება. „მოსახლეობის თითქმის ნახევარი (47%) მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს“. „კიდევ უფრო მეტი (61%) ამბობს ამავეს არჩეულ ოპოზიციურ პარტიებზე“.

გამოკითხულების 47% ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს. ასევე 61% იმავეს ამბობს ოპოზიციურ პარტიებზე. გარდა ამისა, გამოკითხულების აგრეთვე 61% ამბობს, რომ არჩეული ოპოზიციური პარტიები არც ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ.

კითხვაზე – „რომელი პოლიტიკური პარტია დგას მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?“ – რესპონდენტების 57%-მა უპასუხა, რომ არცერთი; 17%-მა – „ქართული ოცნება“; 5%-მა – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; 6%-მა სხვა პარტიები დაასახელა; 17%-მა არ იცის ან უარია პასუხზე.

ამასთან, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს 34% ხმას არცეთ პარტიას მისცემდა; 20% – „ქართულ ოცნებას“; 5% – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“; 6% – სხვა პარტიებს. 35%-მა არ იცის ან უარია პასუხზე.

რესპონდეტების 30%-მა ქვეყნისა და მისი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად ფასების ზრდა დაასახელა; 29% – სამუშაო ადგილები; 27%-მა – სიღარიბე; 23%-მა ტერიტორიული მთლიანობა; 18%-მა პენსიები; 16%-მა – ხელფასები.

გამოკითხულების 48% ქვეყნის ამჟამინდელ ეკონომიკურ მდგომარეობას ცუდად აფასებს; 42% – საშუალოდ; კარგად მხოლოდ 9%. ამასთან, 50% არ არის დარწმუნებული, რომ საქართველოს მთავრობა ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავებას შეძლებს. 35% – დარწმუნებულია, 15%-მა არ იცის.

კვლევის თანახმად, ყოველ მეექვსე მოქალაქეს (16%) ჰყავს უცხოეთში მცხოვრები ოჯახის წევრი, რომელიც მას რეგულარულად უგზავნის ფულს. ასევე ყოველი მეექვსე მოქალაქე (15%) ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს.

გამოკითხულების 51% ამბობს, რომ არცერთ ქართულ ტელეარხს ენდობა. 18% – ნდობას პროსახელისუფლებო ტელევიზია „იმედს“ უცხადებს; 8% – ოპოზიციურ „მთავარ არხს“; 5% – „რუსთავი 2-ს“; 3% – „ტელეკომპანია პირველს“; 3% – „საზოგადოებრივ მაუწყებელს“; 6% – სხვა ტელევიზიებს.