აქტუალური
ანდრეი კასიანოვი ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევაზე: აბსოლუტურად მიუღებელია სიტუაცია უკრაინული სიმბოლიკის შებღალვასთან დაკავშირებით

 საქართველო, 9 მაისი, საქინფორმი. აბსოლუტურად მიუღებელია სიტუაცია უკრაინული სიმბოლიკის შებღალვასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვაკის პარკში უკრაინის დროშა ჩამოხიეს.

მისივე ინფორმაციით, უკრაინული სიმბოლიკის შებღალვასთან დაკავშირებით ეცნობა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ქართველ სამართალდამცავ უწყებებთან მიმდინარეობს თანამშრობლობა დამნაშავის პასუხისგებაში მისაცემად.

ჩვენ ვაცნობეთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ასევე, სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით ჩვენ ვეცდებით, რომ დამნაშავე აუცილებლად იქნას მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ოფიციალური რეაქცია აუცილებლად იქნება“,- განაცხადა კასიანოვმა.

კასიანოვმა გუშინ საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების პარკში საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების ძეგლი ყვავილებით შეამკო.

მან აღნიშნა, რომ გასული წლის აპრილიდან მოყოლებული ყველაფერი კეთდება უკრაინელი და ქართველი გმირების სახელის უკვდავსაყოფად.

თქვენ კარგად იცით, რომ წინა წლის აპრილიდან ჩვენ ყველანაირ ძალისხმევას ვიღებთ, რომ ქართველი და უკრაინელი მეომრების გმირობა იყოს სათანადოდ დაფასებული. ჩვენ წინა წლის აპრილიდან მივმართავდით საკრებულოს და სხვა შესაბამის ორგანოებს, რომ მომხდარიყო ქართველი და უკრაინელი გმირების სახელის უკვდავყოფა და მადლიერები ვართ, რომ კერძო ინიციატივით შევძელით ჩვენი გმირების ხსოვნის პატივისცემა, რომლებიც ახლა იცავენ არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელს ევროპას. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად იბრძვიან მამაცი გმირი ქართველები, რომელთა წინაშე ჩვენ ქედა ვიხრით. იმედი მაქვს, რომ ეს ინიციატივა, ეს პარკი და ეს ძეგლი ადგილობრივ ხელისუფლებას სტიმულს მისცემს, რომ ერთ მშვენიერ დღეს აქ უკრაინელი და ქართველი გმირების ქუჩა იყო“, - განაცხადა კასიანოვმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ვაკის პარკში, უკრაინის დროშა 7 მაისს ჩამოხიეს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, პირი, რომელმაც დროშა ჩამოხსნა, "ალტ-ინფოს" ბაზაზე დაფუძნებული "კონსერვატიული მოძრაობის" მხარდამჭერია.