საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. ჩვენს პოლიტიკურ პარტიასთან, მმართველ ძალასთან ვინმეს თუ არ უნდა თანამშრომლობა, ეს მათი სურვილია, ჩვენც შესაბამისად გადავხედავთ თანამშრომლობას, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რომლის მიხედვითაც, „ევროპის სოციალისტურმა“ პარტიამ პრემიერ-მინისტრის უნგრეთში კონფერენციაზე გამოსვლის გამო, შესაძლოა, „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობას გადახედოს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ამ თემაზე პარტიის პოლიტსაბჭოში იმსჯელებენ.
„ჩვენ გვექნება მსჯელობა პოლიტსაბჭოს ფორმატში, ჩვენ პარტიასთან უკვე დავიწყეთ დიალოგი და კონსულტაციები ჩვენი პარტიის შიგნით. ჩვენც გავაკეთებთ დასკვნებს, შეიძლება, იმაზე ადრე, ვიდრე „სოციალისტები“ შეიკრიბებიან ივნისში. მე ერთი რამ მინდა ვთქვა, ზოგიერთმა დაპოსტა თუ გამოაქვეყნა განცხადება იმის გამო, რომ მე მონაწილეობა მივიღე კონსერვატიული მოძრაობის კონფერენციაში. პრეზიდენტი რეიგანი იყო პირველი სპიკერი ამ კონფერენციის, თურმე ეს არის მიუღებელი მათთვის, თურმე მიუღებელი არის ჩემ მიერ გაკეთებული განცხადებები. მე ვთქვი, რომ მიუღებელია ლგბტ პროპაგანდა ბავშვებში, სკოლებში, ბაღებში, მიუღებელია ეს აღვირახსნილი აგრესიული პროპაგანდა, რაც შეეხება გენდერს და სქესის გადაკეთებას. თუ ამის გამო ვიღაცას არ უნდა ჩვენს პოლიტიკურ პარტიასთან, მმართველ ძალასთან თანამშრომლობა, ეს მათი სურვილია. ჩვენც შესაბამისად გადავხედავთ თანამშრომლობას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.