აქტუალური
აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ანქვაბიც იყრის კენჭს

ankvab2როგორც „აფსნიპრესი“იუწყება, აფხაზეთის პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებელი ალექსანდრე ანქვაბი 26 აგვისტოს დაგეგმილ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს,

სააგენტოს ცნობით, 29 ივნისს რეგიონის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაარეგისტრირა ანქვაბის პრეზიდენტობის კანდიდატად წარმდგენი 19-კაციანი საინიციატივო ჯგუფი.

ამ დრომდე მხოლოდ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის – რაულ ხაჯიმბას, კანდიდატურა იყო პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილი.

რეგიონის პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამაც განაცხადა, რომ არჩევნებში კენჭისყრას აპირებს.

კანდიდატთა წარდგენის ვადა 27 ივნისს დაიწყო და 17 ივლისს ამოიწურება.

58 წლის ანქვაბი აფხაზეთის ლიდერ სერგეი ბაგაფშის გარდაცვალების შემდეგ აფხაზეთის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს. იგი 2005 წლიდან რეგიონის პრემიერ-მინისტრი იყო, ხოლო 2009 წლის დეკემბერში, ბაგაფშის მეორე ვადით არჩევის შემდეგ, ვიცე-პრეზიდენტი გახდა.

2005 წლის შემდეგ ანქვაბზე, სულ ცოტა, ოთხი ან ხუთი თავდასხმა განხორციელდა. ბოლო თავდასხმას 2010 წლის სექტემბერში ჰქონდა ადგილი.

2005 წლის თებერვალში უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა სოხუმის მახლობლად ცეცხლი გაუხსნეს ანქვაბის ესკორტს. იმ დროს ადგილობრივი ტელევიზია იტყობინებოდა, რომ მის მანქანას 17 ტყვია მოხვდა. თუმცა ანქვაბი, რომელიც მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო, მისი მოადგილის მანქანაში იჯდა და არ დაშავებულა.

2005 წლის აპრილში ანქვაბი კვლავ უვნებელი გადარჩა, როდესაც სოხუმის მახლობლად მის ესკორტს ისევ გაუხსნეს ცეცხლი. ამჯერად ანქვაბის მძღოლი დაიჭრა.

2007 წლის ივნისში სოხუმისა და გუდაუთის დამაკავშირებელ გზაზე დისტანციური მართვის ნაღმი „ფუგასი“ აფეთქდა. მაშინ სოხუმში აცხადებდნენ, რომ დამონტაჟებული ნაღმის სამიზნეს იმ ტრასაზე რეგულარულად მოძრავი ანქვაბის კორტეჟი წარმოადგენდა. მაშინ იტყობინებოდნენ, რომ ნაღმი შემთხვევით აფეთქდა, რის გამოც სავარაუდო ტერორისტული აქტი არ შედგა.

2007 წლის ივლისში ანქვაბის მანქანას, რომელიც იმავე მარშრუტით, გუდაუთასა და სოხუმს შორის გზაზე გადაადგილდებოდა, ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს, რის შედეგადაც ანქვაბმა მცირე დაზიანება მიიღო.

2010 წლის სექტემბერში ანქვაბი ხელისა და ფეხის არეში დაიჭრა მას შემდეგ, რაც ყუმბარმტყორცნიდან გასროლილი ჭურვი მისი კუთვნილი ორსართულიანი სახლის სახურავს მოხვდა.

არცერთი ეს შემთხვევა ბოლომდე გამოძიებული არ ყოფილა და არც არავინ დაუკავებიათ. ორიოდე კვირის წინათ მიცემულ ინტერვიუში ანქვაბმა განაცხადა, რომ გამოძიება გრძელდება. მისი თქმით, ამ თავდასხმების უკან შიდააფხაზური ძალები დგანან.