საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი თავიდან ბოლომდე რადიკალური ოპოზიციის ნარატივზე არის გადასული

 საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავიდან ბოლომდე რადიკალური ოპოზიციის ნარატივზე არის გადასული.

მან ჟურნალისტებთან პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება შეაფასა, რომლის თქმით, ცესკო-სთან დაკავშირებულ კანონპროექტს, მიღების შემთხვევაში, ვეტოს დაადებს.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, თუ პრეზიდენტი ცესკო-სთან დაკავშირებულ ცვლილებებს ვეტოს დაადებს, უმრავლესობა მას მაინც დაძლევს.

“სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი თავიდან ბოლომდე რადიკალური ოპოზიციის ნარატივზე არის გადასული. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვიკვირს მისი ასეთი განცხადება. თუ ვეტოს დაადებს, ამ შემთხვევაში, ჩვენ ვეტოს დავძლევთ“, - განაცხადა კობახიძემ.

მან ცესკო-სთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ისაუბრა და განმარტა, რომ დღეისთვის 19 აპრილის შეთანხმება არის ანულირებული, რის გამოც არ არსებობს არავითარი ვალდებულება, რომ ირაციონალური რეგულაციები დარჩეს საარჩევნო კოდექსში.

„არსებული წესი იყო აბსოლუტურად ირაციონალური და უპრეცედენტო. მსოფლიოში ვერ მეტყვით ვერცერთ ქვეყანას, სადაც ანალოგიური წესი შეიძლება იყოს დადგენილი. არ არსებობს უბრალოდ ასეთი ქვეყანა. ეს წესი დადგინდა ე.წ. 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად, ეს იყო ოპოზიციის და არასამთავრობოების მოთხოვნა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს იყო ირაციონალური, უპრეცედენტო წესი, რომელიც ჩვენ შევიტანეთ საარჩევნო კოდექსში სწორედ 19 აპრილის შეთანხმებიდან გამომდინარე, თუმცა, მოგეხსენებათ, დღეისთვის 19 აპრილის შეთანხმება არის ანულირებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს არავითარი ვალდებულება, რომ ირაციონალური რეგულაციები დავტოვოთ საარჩევნო კოდექსში. შესაბამისად, დადგინდება რაციონალური, სწორი რეგულაცია, რომელიც შესაბამისობაშია თავიდან ბოლომდე საერთაშორისო სტანდარტებთან. ეს არის ამ ცვლილების ერთადერთი მიზანი“, - განაცხადა კობახიძემ.