აქტუალური
დიმიტრი ხუნდაძე: ფეხებზე მკიდია რუსულიც და ისეთი ევროპულიც, რაც ჩემ ქვეყანას ვნებს

 საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. ფეხებზე მკიდია რუსულიც და ისეთი ევროპულიც, რაც ჩემ ქვეყანას ვნებს. მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ქართველი და ყველგან, სადაც საჭირო იქნება და როგორც იქნება საჭირო, ისე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხალხისთვის ნათქვამი სიმართლე ხელისუფლების რეიტინგს ზრდის, ანუ ნათელია, რომ სიმართლეს ალტერნატივა არ აქვს.

დღეს ბევრი ცდილობს, რომ თანამედროვე პოლიტიკა გახადოს პროზაული ხალხისთვის. შექმნან ცრუ, მაგრამ ხატოვანი მოლოდინები, ფერადი განწყობები და ამ ლირიკაში დამალონ მთავარი სათქმელი. ზღაპარი კარგად იკითხება, მაგრამ რეალობა არ არის. რეალობა მომავალში ხშირად ისტორიის მძიმე წასაკითხი ფურცელია, რომელიც ყურს ისე სასიამოვნოდ არ ხვდება, როგორც ზღაპრული ეპიზოდები. არც პოლიტიკაა მხატვრული ლიტერატურა რომ წაიკითხო, დატკბე და ისიამოვნო. პოლიტიკა ხშირად უხეში, რთული პროცესებია, რომელიც შეიძლება იმ დროს მიუღებლად მოგეჩვენოს, საბოლოოდ კი შესაძლოა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდეს. საქართველოს დღევანდელი რეალობა სწორედ ამას ჰგავს. ბევრი პოლიტიკური მეზღაპრე ჰყავს დღეს ქვეყანას, რომლის მიზანიც ხალხის ფსიქოლოგიური გაბრუება და არარეალობაში წარმოჩენაა. სოკრატე პოლიტიკოსებს ურჩევდა, დაანახეთ ხალხს რეალობა და ხალხი თავად დაგეხმარებათ ქვეყნის მართვაშიო. ოპოზიცია ხალხს სიმართლეს უმალავს და მათივე მხარდამჭერი საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებითაც, მათი რეიტინგი კრიტიკულ მინიმუმამდეა დასული. სამაგიეროდ, ხალხისთვის ნათქვამი სიმართლე ხელისუფლების რეიტინგს ზრდის, ანუ აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ სიმართლეს ალტერნატივა არ აქვს. მოძრაობა „ხალხის ძალა“ სწორედ ამ პრინციპით დაფუძნდა და მიუხედავად იმისა, რომ მარტის დღეების მთელმა სიმწვავემ, ძირითადად, ჩვენზე გადაიარა, პრინციპებს არ ვღალატობთ და პოლიტიკურ მოღვაწეობას მხოლოდ სიმართლის თქმით ვაპირებთ“,- განაცხადა ხუნდაძემ.

მისივე თქმით, „ხალხის ძალა“ ამბობს, რომ რეალობა სულ სხვაა, ვიდრე დღეს ხალხს უყვებიან თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაზე.

რუსეთი იყო და სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არის ის პოლიტიკური მოთამაშე, რომლის თითქოს და უძლეველი იმიჯის შექმნაში დასავლეთმა შეიტანა უდიდესი წვლილი. იმის ნაცვლად, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დასუსტებული რუსეთისთვის საკადრისი ადგილი მიეჩინათ, ბოლო ოცი წლის განმავლობაში, განსაკუთრებულად გააძლიერეს. დასავლეთის შეცდომების მსხვერპლი აღმოვჩნდით ჩვენც და უკრაინაც. დღეს ჩვენ გვაბრალებენ, რომ ანტიდასავლურ რიტორიკას ვეწევით, არადა დასავლეთი ხშირად თავად ეწევა ანტიქართულ რიტორიკას, რამაც მათ მიმართ საზოგადოების გაბრაზება გამოიწვია, კრიტიკას კი ანტიდასავლურ რიტორიკად ნათლავდნენ, ხელისუფლებას უტიფრად აბრალებდნენ და მსოფლიოს მოსახლეობას უყვებოდნენ ტყუილებს თუ როგორ აწამებენ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და როგორ კლავენ ოროთახიან ლუქს პალატაში. სტრასბურგის სასამართლომ უკვე მერამდენედ დაამტკიცა ჩვენი სიმართლე. კარგია, რომ სტრასბურგი დამოუკიდებლობას დღემდე ინარჩუნებს“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

ამასთან, როგორც ხუნდაძემ გამოსვლისას აღნიშნა, საზოგადოებას წაუკითხავად გააპროტესტებინეს კანონი, რომელიც თავად საზოგადოებას აძლევდა საშუალებას, რომ მეტი სცოდნოდა საიდან შემოდის და რაში იხარჯება ფული.

საქართველოს მეორე ფრონტად ფორმირების არაერთი მცდელობა და მტკიცებულება მოვისმინეთ, მაგრამ ტყუილიაო, ჯიუტად ამბობდნენ. ქვეყნის საომარ მოქმედებებში ჩართვის მცდელობაზე ალაპარაკდა მეზობელი თურქეთიც, რომელიც რთულ საარჩევნო პროცესშია და პრეზიდენტი აცხადებს, რომ მათ „სამზარეულოში“ ვიღაც არის. როგორც აღმოჩნდა, საქართველოს არა მხოლოდ რუსეთის დასანქცირებას, არამედ, საკუთარი მოსახლეობის დასანქცირებას სთხოვენ ფრენების აკრძალვით. საზოგადოებას წაუკითხავად გააპროტესტებინეს კანონი, რომელიც თავად საზოგადოებას აძლევდა საშუალებას, რომ მეტი სცოდნოდა საიდან შემოდის და რაში იხარჯება ფული.

ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება დემოკრატიის უკუსვლაა და სააკაშვილის ქუჩაში გამოტანილი განაჩენები წინსვლა. ოჯახის, ეროვნული ღირებულებების, ტრადიციების, რწმენის აღიარება და პატივისცემა თურმე ევროკავშირში გაწევრიანების ხელისშემშლელი ყოფილა. საკუთარ ინტერესებზე ფიქრიც კი არ შეიძლება, არათუ ხმამაღლა საუბარი. რამდენი ტყუილი და უსამართლო ბრალდება უნდა მოვისმინოთ ქართული ოპოზიციისგან და მათი პარტნიორი უცხოელი პოლიტიკოსებისგან? რამდენ უსამართლო ზეწოლას უნდა გაუძლოს ქვეყანამ? ჩვენ არ ვაპირებთ დათმობას! ყველა ტყუილზე, ქართული იქნება ეს თუ უცხოური, აუცილებლად გვექნება რეაგირება. ვიმოქმედებთ იმ დიპლომატიური ჩარჩოს გათვალისწინებით, რასაც ზოგადად პატივს ვცემთ, თუმცა ლოიალობის დრო არ არის. ჩვენ გვაქვს სამშობლო, რომლის მომავალიც მხოლოდ ჩვენს ხელშია. მავანნი კი ამბობენ, რომ საქართველოს მომავალი სხვის ხელშია. ესეც ტყუილია და მიმართულია სხვისი მონობის, სხვაზე დამოკიდებულობის გასამართლებლად. ასეთი წარსული ჩვენ უკვე გვქონდა და აღარ გვსურს. რაც უფრო ვძლიერდებით, მით უფრო ძლიერდება ზეწოლა ჩვენზე. ეს არ გვაშინებს, რადგან ძალა ხალხშია და ძალა სიმართლეშია! ქართულ პოლიტიკაში სიმართლე ისეთი ბასრი და საჭირო არასდროს ყოფილა, როგორც არის დღეს. იარლიყების მიკერება სიმართლეს ვერ ჩაახშობს. მთავარია დრო და ისტორია რას იტყვის შენზე და არა ენა, რომელსაც არ აქვს ძვალი. ფეხებზე მკიდია რუსულიც და ისეთი ევროპულიც, რაც ჩემს ქვეყანას ვნებს. მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ქართველი და ყველგან, სადაც საჭირო იქნება და როგორც იქნება საჭირო, ისე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

გარდა ამისა, მან ოპონენტებს „რუსული თვითმფრინავების ნაწილების შემსწავლელი კომისიის შექმნაც შესთავაზა“.

ნახევრად ხუმრობით, წინა მომხსენებელმა ვერ დაასრულა თვითმფრინავის ნაწილებზე საუბარი, მის ვარგისიანობაზე და ხომ არ დავგეგმოთ ნაწილების შემსწავლელი კომისიის შექმნა და შევისწავლოთ ნაწილების ხარისხი?“,- განაცხადა მან.