აქტუალური
პრემიერი: 2008 წლის ომის შემდეგ პერიოდში ევროკავშირმა 2,3 ტრილიონი ევრო გადაუხადა რუსეთს

 საქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. 2008 წელს მსოფლიო ვერ ფიქრობდა, რამდენად სერიოზული იყო ომი ჩვენთან, ომის შემდეგ პერიოდში ევროკავშირმა 2,3 ტრილიონი ევრო გადაუხადა რუსეთს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უკრაინაში მიმდინარეობს ბრუტალური ომი და ვერ ვხედავთ რომელიმე მხრიდან ნებას, რომ ეს ომი გაჩერდეს.

„მიმაჩნია, რომ მსოფლიო იმ დროს ვერ ფიქრობდა, რამდენად სერიოზული იყო ის ომი ჩვენთან, მაგრამ 6 წელის მერე, რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია. არავინ ფიქრობდა იმაზე, რომ ამას გააკეთებდა, მაგრამ მოხდა ეს. ეს ჩვენთვისაც იყო სიურპრიზი იმიტომ, რომ ჩვენ გამოცდილი გვაქვს. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში სამი ომი გვქონდა: 90-იანი წლების დროს, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონები დავკარგეთ, მერე სამოქალაქო ომი და შემდეგ კიდევ ერთი, 2008 წელს. ამიტომ მიმაჩნია, რომ მსოფლიომ სერიოზულად ვერ მიიღო ეს საკითხი. ყველაფერი ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდა, აი მაგალითად, დღეს გვეკითხებიან, საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე რუსეთთან, რომელიც გაგვაჩნია რუსეთთან 2012 წლიდან მოყოლებული, მანამდეც გვქონდა, წინა მთავრობა ცდილობდა ომის შემდეგ, რომ აღედგინა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, უვიზო რეჟიმი მიანიჭეს ომის შემდეგ, ომის შემდეგ მიყიდეს სტრატეგიული ენერგოობიექტები რუსეთის სახელმწიფო საწარმოებს. ამის მიუხედავად, შედარებისთვის, მინდა შეგახსენოთ, რომ ევროკავშირმა 2,3 ტრილიონი ევრო გადაუხადა რუსეთს ომის შემდეგ პერიოდში. ეს არის რეალობა. მაგრამ ეხლა, ჩვენ განსხვავებული რეალობა გვაქვს. ეხლა ვხედავთ ამ ბრუტალურ ომს უკრაინაში და როგორც ვახსენე, ვერ ვხედავთ რაიმე ძალისხმევას ან რაიმე ნებას რომელიმე მხრიდან, რომ ეს ომი გაჩერდეს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.