უცხოეთი
არმენ გრიგორიანი - სომხეთს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრობა, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს, გარკვეულ პრობლემებს უქმნის

 საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. სომხეთს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრობა, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს, გარკვეულ პრობლემებს უქმნის. ამის შესახებ სომხეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ერევნისთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოების საკითხებში დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობა.

„აზერბაიჯანის მხრიდან სამი ფართომასშტაბიანი თავდასხმის დროს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ სომხეთს არანაირი დახმარება არ გაუწია. როდესაც სომხეთმა საბოლოოდ ეძება და იპოვა ალტერნატივები, მაგალითად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განლაგება, მხოლოდ მაშინ დაიწყო ორგანიზაციამ დახმარების გაწევა. სომხეთს თავს დაესხნენ სამჯერ და საბოლოოდ ე.წ. სამხედრო ბლოკი სომხეთს ფაქტების შეგროვების მისიას სთავაზობს. ეს, ყოველ შემთხვევაში, არასერიოზულია“, – განაცხადა გრიგორიანმა.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია არის სამხედრო-პოლიტიკური საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელშიც შედიან ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი და ტაჯიკეთი. წარსულში სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ განიხილებოდა ქვეყანის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გასვლის შესაძლებლობა. მაისში კი სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ ორგანიზაციიდან ქვეყნის გასვლის საკითხი დღის წესრიგში ისევ დგას.

1tv.ge