უცხოეთი
სერგეი შოიგუმ ბრძანება გასცა, ყველა კერძო სამხედრო კომპანიამ კონტრაქტი გააფორმოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან

 საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ყველა კერძო სამხედრო კომპანიას უბრძანა, კონტრაქტი გააფორმონ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან.

მედიის ცნობით, ეს განკარგულება ეხება ყველა „მოხალისეთა რაზმს“, მათ შორის კერძო რუსულ სამხედრო კომპანია „ვაგნერს“.

მედიის ინფორმაციით, შესაბამისი ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. პრესრელიზში ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი „მოხალისეთა ფორმირებებს“ საჭირო სამართლებრივ სტატუსს მიანიჭებს. შექმნის ერთიან მიდგომას საორგანიზაციო, დაგეგმარებისა და მომარაგების საკითხებისადმი. ამასთან, ინდივიდუალურ „მოხალისეებსაც“ აქვთ უფლება, კონტრაქტი გააფორმონ რაზებთანაც და თავდაცვის სამინისტროსთანაც.

როგორც გერმანული „დოიჩე ველეს“ რუსულენოვანი რედაქცია წერს, შოიგუს ეს ბრძანება იმ ფონზე გამოქვეყნდა, როდესაც კერძო რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინის მხრიდან ხშირად ისმის რუსეთის თავდაცვის მინისტრის მიმართ კრიტიკა.

1tv.ge