უცხოეთი
დიმიტრი პესკოვი - უკრაინის დემილიტარიზაციის ამოცანა დიდწილად შესრულებულია

 საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ე.წ. „სპეცოპერაციის“ ერთ-ერთი მიზანი - უკრაინის დემილიტარიზაცია ძირითადად მიღწეულია, რადგან კიევი სულ უფრო ნაკლებ იარაღს იყენებს.

„ნამდვილად, უკრაინა მძიმედ იყო მილიტარიზებული იმ დროს, როდესაც სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო. და, როგორც ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, ერთ-ერთი ამოცანა იყო უკრაინის დემილიტარიზაცია. ფაქტობრივად, ეს ამოცანა დიდწილად შესრულებულია. უკრაინა სულ უფრო ნაკლებ იარაღს იყენებს. სულ უფრო მეტად იყენებს იარაღის სისტემებს, რომლებსაც დასავლეთის ქვეყნები აწვდიან მას“, - განაცხადა პესკოვმა RT Arabic-თან ინტერვიუში.

მისი მტკიცებით, ნატო-ს ქვეყნები, შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით, სულ უფრო მეტად ერთვებიან კონფლიქტში.

„დასავლეთის ქვეყნები, კერძოდ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი იმავე ვაშინგტონის ხელმძღვანელობით, სულ უფრო და უფრო პირდაპირ და ირიბად ერთვებიან ამ კონფლიქტში. ისინი ერევიან ამ კონფლიქტში და ხდებიან კონფლიქტის მხარე. რა თქმა უნდა, ეს იწვევს იმას, რომ კონფლიქტი დროთა განმავლობაში ჭიანურდება, რომ ევროპაში ვითარება უფრო დაძაბული და არაპროგნოზირებადი ხდება და, რა თქმა უნდა, ეს ავალდებულებს რუსეთს მიიღოს უფრო გადამწყვეტი ზომები დონბასში ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებისთვის“, - აღნიშნა პესკოვმა.

interpressnews.ge