რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: რუსულ მედიაში გადაჭარბებული ოპტიმიზმი საქართველოს ხელისუფლების მიმართ დღეს ისევე შეუსაბამოა, როგორც გადაჭარბებული პესიმიზმი

   ბოლო დროს რუსულ მედიაში გახშირდა პუბლიკაციები, რომლებშიც გაზვიადებულია დასავლეთის კრიტიკის მნიშვნელობა საქართველოს ხელისუფლების, კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან და პირიქით - რომლებშიც დაკნინებულია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების როლი, რომელიც, დასავლეთს, თითქოსდა, შეუძლია აიძულოს, გახსნას მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ. ამასთან, ამ უკანასკნელ გზავნილს მაშინვე იტაცებენ აფხაზური და სამხრეთ ოსური ინტერნეტ-გამოცემები, რომლებიც მსგავსი „შიშებით“ ამართლებენ რუსეთთან ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებას.

   ორივე მიდგომა არასწორია, ამიტომ აუცილებელია შევაკავოთ ასეთი პუბლიკაციების ავტორები და, ზოგადად, გადაწყვეტილების მიმღები ცენტრები, როგორც გადაჭარბებული ოპტიმიზმისგან, ასევე გადაჭარბებული პესიმიზმისგან საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ. და რაც მთავარია - ნაჩქარეობისგან, რაც დღეს მით უფრო არასასურველია, როდესაც რუსულ-ქართულ ტრეკზე ჩნდება რუსეთისა და საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პრაგმატული პარტნიორობის ვირტუალური 3D მოდელი.

   სავსებით გასაგებია, როცა მოსკოვი აღფრთოვანებითა და შთაგონებით ადევნებს თვალს, თუ რა უპრეცედენტოდ მკვახედ ეპასუხება ოფიციალური თბილისი თავხედ დასავლელ დიპლომატებსა და პარლამენტარებს - ეს სსრკ-ს ლიკვიდაციისა და საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ბოლო 30 წლის განმავლობაში არ მომხდარა. სრულებით გასაგებია, რომ რუსი ხალხი ქართველებთან უწინდელი მეგობრობის ნოსტალგიას განიცდის, რომელიც დაიკარგა ორმხრივი უთანხმოების გამო. მაგრამ დღეს საქართველოს საგარეო პოლიტიკაში 180-გრადუსიანი ცვლილების შესახებ დასკვნების გამოტანის საფუძველი არ არსებობს: ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული „წითელი ხაზები“ არ გაუქმებულა, დიპლომატიური ურთიერთობები კვლავ შეწყვეტილია, ქვეყნის უალტერნატივო ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციაში დენონსირებული არ არის, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველო უერთდება უკრაინის მხარდამჭერ, რუსეთის მგმობ რეზოლუციებს, უკრაინა იღებს ვერბალურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერასა და დახმარებას საქართველოსგან.

   მეტიც, მოსკოვიდან თბილისის მიმართ უსაფუძვლო ქება-დიდება საქმისთვის საზიანოა: როდესაც დასავლეთი ეძებს რაიმე საბაბს, რომ არ მიიღოს საქართველო ნატოსა და ევროკავშირში და ამავდროულად შეინარჩუნოს „სახე“ ქართველების წინაშე, თბილისსა და მოსკოვს შორის ნებისმიერი დათბობა, როგორიცაა, მაგალითად პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება, ამისთვის საკმარისი საბაბია. რუსოფობიური რადიკალური ოპოზიცია, სააკაშვილის ექსმმართველი პარტიის მეთაურობით, ყოველთვის ეძებს საბაბს, რომ დაადანაშაულოს მთავრობა რუსეთუმეობაში და დასავლეთის მხარდაჭერით მოაწყოს სახელმწიფო გადატრიალება. ხოლო ხელისუფლების უარი რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაზე და მისთვის ეკონომიკური სანქციების გამოცხადებაზე საკმარისი საბაბია თბილისში მაიდანი 2“-ის მოსაწყობად. საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირება აქვს შანსი გადაიზარდოს სამხედრო კონფლიქტში, ერთი მხრიდან, რუსეთსა და, მეორე მხრიდან ნატოს შორის უკრაინასთან ერთად, რადგან კიევი დიდი ხანია გვპირდება, რომ მრავალათასიან დესანტს გადმოსხამს საქართველოში ოპოზიციის მხარდასაჭერად, სააკაშვილის გასათავისუფლებლად და რუსულ ბაზებზე თავდასასხმელად გუდაუთაში, ცხინვალსა და ჯავაში. მერე, როცა თბილისი ბახმუტს დაემსგავსება, ამას გნებავთ მეორე, ან სულაც ოცდამეორე ფრონტი დაარქვით...

საქართველოს ხელისუფლების საზიანოა, როგორც ზემოთ აღინიშნა, მეორე უკიდურესობაც -დამამცირებელია ეჭვი, რომ აშშ-ს ყოველთვის შეუძლია აიძულოს თბილისი, გახსნას მეორე ფრონტი. „ქართული ოცნება“ ერთადერთი პარტიაა ხელისუფლებაში, რომლის 10-წლიანი მმართველობის დროს საქართველო არ უომია და საკანონმდებლო დონეზე ტერიტორიული პრობლემების გადაწყვეტის ექსკლუზიურად მშვიდობიანი მიდგომა დააფიქსირა. აქედან გამომდინარე, დასავლეთი ვერ შეძლებს აიძულოს ქართული არმია, იერიში მიიტანოს რუსეთის არმიაზე, თუმცა არ მალავს, რომ კიევის რეჟიმთან ერთად მოვლენების ასეთ განვითარებას ელოდება. დასამალი არაფერია - ხელისუფლების წარმომადგენლებს შორისაც ბევრი ლატენტური რუსოფობია, ამიტომ კონსტრუქციული პოლიტიკის გამტარებელი ლიდერების - ღარიბაშვილის, კობახიძის და კალაძის პოზიციების შესუსტება - მათი ფარული პერსპექტიური გეგმების ნაწილია.

   ასეთი „შიშების“ ტირაჟირება, მათ შორის სოხუმსა და ცხინვალში გაბერვა, არ არის მხოლოდ უნდობლობის ნიშანი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების, მისი კომპეტენციის მიმართ და არა მხოლოდ კონტრპროდუქტიულია რუსეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ტენდენციისთვის. ამით სადემარკაციო ხაზის მეორე მხარეს არაშორსმჭვრეტელ მოღვაწეებს შეუძლიათ ისარგებლონ და გადააჭარბონ „პრევენციულ ზომებს“ - მოახდინონ სარკისებური პასუხის პროვოცირება თბილისის მხრიდან, რაც, დასავლეთისა და აქაური რადიკალური ოპოზიციის გულის გასახარად, გადაიზრდება სწორედ იმ ყბადაღებულ მეორე ფრონტში...

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2023 წლის 20 ივნისი
საქართველო, თბილისი