საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: კონცენტრირებული უნდა ვიყოთ არა იმ ელჩის შეფასებაზე, რომელიც თანამდებობას ტოვებს, არამედ იმაზე, რომ აღარ განმეორდეს პოლარიზაციის მხარდაჭერა

 საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. მთავარია, მომავალში აღარ განმეორდეს პოლარიზაციის მხარდაჭერა და დაფინანსება, ამაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული და არა იმ ელჩის შეფასებაზე, რომელიც ტოვებს თანამდებობას, წინ უნდა გავიხედოთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაზე, რომლითაც აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს მიმართავს: „რატომ არ ასვენებთ ამ ქვეყანას? რატომ აფინანსებთ ანტიეროვნულ, ანტიეკლესიურ და აგრესიულ ლიბერალ-ფაშისტურ ორგანიზაციებს? რატომ აღვივებთ პოლარიზაციას?“ – რაზეც კობახიძემ აღნიშნა:

„მე ამ თემაში არ მინდა შესვლა, მათ შორის იმის გამო, რომ ელჩი მალე შეიცვლება. აღარ მინდა საუბარი წარსულზე. ჩემთვის მთავარია, რომ მომავალში აღარ განმეორდეს პოლარიზაციის მხარდაჭერა, პოლარიზაციის დაფინანსება. ჩვენ ამაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული. არა იმ ელჩის შეფასებაზე, რომელიც ტოვებს თავის თანამდებობას, არამედ წინ უნდა გავიხედოთ და იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ მომავალში არ მოხდება პოლარიზაციის დაფინანსება, პოლარიზაციის წახალისება, შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და ბილწსიტყვაობის წახალისება. მე დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში ელჩი სხვანაირად იმოქმედებს ახალი ელჩის კუთხით. ჩვენ ეს იმედი უნდა გვქონდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.