საზოგადოება
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი არის საქართველოში ხელისუფლების რევოლუციური ცვლილების პროექტის ავტორი - დიმიტრი ხუნდაძე

 საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი არის საქართველოში ხელისუფლების რევოლუციური ცვლილების პროექტის ავტორი, განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.

მიმდინარე კვირაში „ხალხის ძალამ" განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ქვეყანაში „ლიბერალ-ფაშისტური“ ორგანიზაციების მიმართ სიმპათიით არის განწყობილი. საუბარია პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის“ სემინარზე, რომელიც ბორჯომში 17 ივნისს საპროტესტო აქციის გამო ჩაიშალა.

„არასამთავრობო ორგანიზაციები, მაგალითად, „დროა“, „სირცხვილია“, ასევე პარტია „გირჩი“ ღიად საუბრობენ იმის თაობაზე, რომ ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით შეუძლებელია და ამ მიზნის მიღწევა რევოლუციური გზით უნდა მოხდეს. ვფიქრობ, უკვე ღიად ფიქსირდება ამაში აშშ-ის ელჩის მონაწილეობა და ის წარმოჩინდა როგორც ამ პროექტის ავტორი", – განაცხადა ხუნდაძემ ტელეარხ „იმედის" ეთერში.

მისი თქმით, სამწუხაროდ, ხშირად ელჩი ღიად ერთს საუბრობს, კულისებში კი მთავრობას მეორეს სთხოვს.

„ჩვენ ამჯერად დავსვით კითხვა: რას არ აკეთებს ხელისუფლება და რატომ არის ასეთი ისტერიული სურვილი და მცდელობა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და შეიცვალოს რევოლუციური გზით?" – აღნიშნა ხუნდაძემ.

დეპუტატის განმარტებით, როდესაც საუბარია დესტრუქციული ძალების მფარველობაზე, შესაძლებელია კონკრეტული მაგალითების მოყვანაც.

მაგალითად, ერთ-ერთ აქციაზე, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ თბილისში გაიმართა (2022 წლის 23 ივნისი), მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.

„არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ტექნიკურ მთავრობას ითხოვდნენ, დასავლეთიდან და აშშ-დან ფინანსდებიან“, – განაცხადა ხუნდაძემ.

როგორც ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ქვეყანაში ხელისუფლების დამხობის ბოლო მცდელობა საქართველოს ომში ჩათრევის მიზნით 2023 წლის 7-8 მარტს მოხდა.

იმ დღეებში მომიტინგეებმა მოითხოვეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას უარი ეთქვა უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებაზე, რომლის წინააღმდეგაც გამოვიდა ევროკავშირი, ევროპის საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ზოგიერთი დასავლური პარტნიორი ქვეყნის ლიდერი. კანონპროექტი ითვალისწინებდა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ გააფრთხილა აქციის მონაწილეები, ემოქმედათ კანონის ფარგლებში, მაგრამ როცა პროტესტმა აგრესიული სახე მიიღო, გამოიყენეს სპეცრაზმი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მინები ჩაამსხვრიეს, დაწვეს მანქანები, სამართალდამცველებს „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს.

ვითარების განმუხტვა მოხერხდა მხოლოდ 9 მარტს, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ოფიციალურად უარი თქვა უცხოური აგენტების შესახებ რაიმე კანონის მიღებაზე.

უკვე 10 მარტს პარლამენტმა დაჩქარებული წესით ჩააგდო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ხოლო კანონპროექტის მეორე, ამერიკული ვერსია „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც პლენარულ სხდომაზე არც განხილულა, ინიციატორებმა უკან გაიწვიეს.

ორივე ვარიანტი იყო ინიცირებული „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატების მიერ, რომლებმაც ცალკე შექმნეს საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა არ დატოვეს.