საზოგადოება
ფაშინიანმა რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებებს მადლობა გადაუხადა

 საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთისა და საქართველოს ხელმძღვანელობებს საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსი“–„ყაზბეგის" მუშაობის გასაუმჯობესებლად ჩატარებული სამუშაოების გამო მადლობა გადაუხადა, იუწყება Sputnik-სომხეთი.

საკონტროლო პუნქტი „ყაზბეგი" – „ზემო ლარსი" ამჟამად საქართველოსა და რუსეთს შორის სახმელეთო საზღვარზე ერთადერთი გამშვები პუნქტია. ამას გარდა, ის ერთადერთი სახმელეთო მარშრუტია, რომელიც სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. რეკონსტრუქციის მორიგი ეტაპის შემდეგ, 2023 წლის 15 ივნისიდან "ზემო ლარსზე" 39 გამშვები ზოლი ფუნქციონირებს.

სომხეთის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ მადლობას უცხადებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს იმ თანმიმდევრულობისთვის, რომელიც მათ „ზემო ლარსის" რეკონსტრუქციის დროს გამოიჩინეს.

ფაშინიანმა მადლობა ასევე გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საზღვრის ქართულ მხარეს საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგის" გაფართოებისთვის, ასევე ქვეშეთი-კობის გვირაბის დაჩქარებული მშენებლობისთვის, რომელიც მნიშვნელოვნად დააჩქარებს ე.წ. საქართველოს სამხედრო გზის გავლას.

ვიცე-პრემიერმა მგერ გრიგორიანმა აღნიშნა, რომ 2024 წლის ბოლომდე „ყაზბეგის" პუნქტზე ზოლების რაოდენობის 9-დან 15-მდე გაზრდა იგეგმება.

რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის მონაცემებით, ბოლო ხუთ წელში ჩატარებული კომპლექსური ზომების შედეგად საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსის" გამტარუნარიანობა 50%-ით გაიზარდა – 665-დან 989-მდე სატრანსპორტო საშუალება, ხოლო დამატებითი ზოლების გამოყენების დაწყებასთან დაკავშირებით – პრაქტიკულად 1.200 სატვირთო ავტომობილამდე დღე-ღამეში. რეკონსტრუქციამდე სასაზღვრო ზოლი 170 სატვირთო ავტომობილის გაფორმებაზე იყო გათვლილი.

ქვეშეთი–კობის მონაკვეთი თბილისი–სტეფანწმინდის გზის გუდაური–კობის მონაკვეთის შემოვლითი გზაა, სადაც ზამთარში ხშირად იქმნება ზვავსაშიშროება. ამის გამო გზა ხშირად იკეტება. გვირაბის მშენებლობა ე.წ. საქართველოს სამხედრო გზაზე, რომელიც საქართველოსა და რუსეთს აკავშირებს, დაეხმარება სომეხ გადამზიდავებსაც, რომლებსაც „ზემო ლარსის" საკონტროლო-გამშვები პუნქტისკენ გზაზე ხანდახან რამდენიმე დღე უწევთ „საცობში" დგომა.

ამას გარდა, თბილისი–სტეფანწმინდის მიმართულებით გადაადგილებას ამჟამინდელი 2 საათისა და 30 წუთის ნაცვლად, 1 საათი და 45 წუთი დასჭირდება.