საზოგადოება
ოლივერ ვარჰეი: ვინმეს თუ უნდა, გახდეს ევროკავშირის წევრი, ამისთვის ახლა საჭირო მომენტია, ამიტომ გამოიყენეთ შანსები

 საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. ვინმეს თუ უნდა, გახდეს ევროკავშირის წევრი, ამისთვის ახლა საჭირო მომენტია, ამიტომ გამოიყენეთ შანსები, – ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ სტოკჰომში არაფორმალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელზეც საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მიერ რეკომენდაციების შესრულების ანგარიში მოისმინეს.

„ჩემი სენტიმენტი დღევანდელი განხილვიდან და ასევე, წინა, დეკემბრიდან არის ის, რომ ახლა ევროპული საბჭო და წევრი ქვეყნები ძალიან ჩართულები არიან ამ პროცესებში და გაფართოება არ არის მხოლოდ დღის წესრიგში, ის სამ უმნიშვნელოვანეს საკითხში შედის. თუ ვინმეს უნდა, გახდეს ევროკავშირის წევრი, ახლა ამისთვის საჭირო მომენტია, ამიტომ გამოიყენეთ. გამოიყენეთ შანსები. მე მქონდა პატივი, შევხვედროდი პრემიერ-მინისტრს ბრიუსელში და ეს იყო მესიჯი. თქვენ იცით, რაც არის მოთხოვნა, ამიტომ გააკეთეთ. გააკეთეთ, რადგან ეს უნიკალური შესაძლებლობაა. ყველამ უნდა ნახოს მაქსიმალური სარგებელი. ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ, რომ მიხვიდეთ იქამდე, მაგრამ კრიტერიუმები უნდა შესრულდეს ყველას მიერ. რეკომენდაციები მთავრობისადმი არის ის, რომ სწრაფად შეასრულონ სამუშაოები ყველა სფეროში, რათა ოქტომბერში გვქონდეს შესრულებული ანგარიში საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებით. ჩვენ მზად ვართ“, – განაცხადა ვარჰეიმ.

მისივე თქმით, ევროპული პერსპექტივა მკაფიო და ძლიერი სიგნალია საქართველოსთვის, რომელიც ქვეყანამ უნდა გამოიყენოს.

„ევროპული პერსპექტივა საქართველოსთვის უკვე ინოვაციურია, რომელიც ევროპულმა კომისიამ მიიღო. ეს არც ისე აშკარა იყო, რბილად რომ ვთქვათ. ეს სიგნალი ძალიან მკაფიო და ძლიერია. ის ჯერ კიდევ ძალაშია, ამიტომ გამოიყენეთ. ნუ უყურებთ სხვებს, უყურეთ იმას, რისი გაკეთება შეგიძლიათ და ქვეყანა შეძლებს, გადადგას შემდგომი ნაბიჯები, თუ ყველაფერი შესრულდება“, – აღნიშნა ვარჰეიმ.