უცხოეთი
ევგენი პრიგოჟინი - სამშობლოს ღალატთან დაკავშირებით პრეზიდენტი ღრმად ცდება, არ ვაპირებთ ვინმეს მოთხოვნით ჩაბარებას, რადგან არ გვსურს, ქვეყანამ გააგრძელოს კორუფციაში, ბიუროკრატიასა და ტყუილში ცხოვრება

 საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს პასუხობს და ღალატის ბრალდებებს უარყოფს. ამის შესახებ მან გავრცელებულ მორიგ აუდიომიმართვაში განაცხადა.

პრიგოჟინი საკუთარ თავსა და „ვაგნერის“ მებრძოლებს სამშობლოს პატრიოტებს უწოდებს და ამბობს, რომ დანებებას არ აპირებს, რადგან არ სურს, ქვეყანამ გააგრძელოს კორუფციაში, ბიუროკრატიასა და ტყუილში ცხოვრება.

„სამშობლოს ღალატთან დაკავშირებით პრეზიდენტი ღრმად ცდება. ჩვენ ჩვენი სამშობლოს პატრიოტები ვართ, ვიბრძოდით, ვიბრძვით და არავინ აპირებს პრეზიდენტის, „ეფესბეს“ ან კიდევ ვინმეს მოთხოვნით ჩაბარებას, რადგან არ გვსურს, ქვეყანამ გააგრძელოს კორუფციაში, ბიუროკრატიასა და ტყუილში ცხოვრება“, – განაცხადა პრიგოჟინმა ჩანაწერში.

ამასთან, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ გარკვეული პირი, რომელსაც ის არ ასახელებს, იპარავს უკრაინასთან ომისთვის გამოყოფილ თანხებს, ისევე როგორც მოიპარა აფრიკისთვის გამოყოფილი ფული.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საგანგებო მიმართვისას დღეს ევგენი პრიგოჟინის ქმედებებს ღალატი უწოდა და განაცხადა, რომ მოსკოვის რეაგირება მკაცრი იქნება. პუტინის თქმით, „ყველას, ვინც გაცნობიერებულად დაადგა ღალატის გზას, ამზადებდა შეიარაღებულ ამბოხს, იყენებს შანტაჟს და ტერორისტულ მეთოდებს, გარდაუვალი სასჯელი დაეკისრება, პასუხს აგებს კანონისა და ჩვენი ხალხის წინაშე“.

შეგახსენებთ, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა მისი მებრძოლების ბანაკებზე დარტყმების განხორციელებაში დაადანაშაულა, რასაც თავდაცვის სამინისტრო უარყოფს. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აპირებს, შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ატარებს ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა“. მისი თქმით, „გაანადგურებს ნებისმიერ თვითმფრინავს და ყველა ბლოკპოსტს, რომელიც გზაზე გადაეღობება“. პრიგოჟინის განცხადებით, მის განკარგულებაში 25 000 მებრძოლი იმყოფება და მოუწოდებს ყველა რუსს, ვისაც მათთან შეერთება სურს, მათ შორის რეგულარული არმიის სამხედრო მოსამსახურეებს. სამხედრო ამბოხებისკენ მოწოდების ბრალდებით, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამასთან, რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის დედაქალაქში, ასევე მოსკოვისა და ვორონეჟის ოლქებში კონტრტერორისტული რეჟიმი გამოცხადდა.

1tv.ge