უცხოეთი
დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და „ვაგნერის“ დამფუძნებელი ბელარუსში გადავა

 საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ რუსეთში აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება. ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომელმაც ევგენი პრიგოჟინსა და ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს შორის გამართული მოლაპარაკებების დეტალებზე რუსულ მედიასთან ისაუბრა.

პესკოვის თქმით, თავად პრიგოჟინი ბელარუსში გადავა.

ამასთან, კრემლის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ არ დაიწყება ამბოხში მონაწილე „ვაგნერის“ მებრძოლების სისხლის სამართლებრივი დევნა, „მათი საბრძოლო დამსახურებების გათვალისწინებით“. მებრძოლების ნაწილი, რომლებიც არ მონაწილეობდნენ ამბოხში, თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტებს მოაწერენ ხელს.

პესკოვის თქმით, ლუკაშენკო თავად გამოვიდა შუამავლობის ინიციატივით, რადგან პრიგოჟნს 20 წელზე მეტია, იცნობს.

სამხედრო ამბოხებისკენ მოწოდების ბრალდებით, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე გუშინ აღძრა.

1tv.ge