პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: როცა ჭკუა არ გყოფნის, სწორად გააანალიზო მოვლენები, იმაზე მაინც უნდა გეყოს ჭკუა, საერთოდ გაჩუმდე

 საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. გუშინ, ზოგადად, ყველამ ვნახეთ ერთიანად ამჩატებული ოპოზიცია. ეს იყო ამჩატებული „ნაცები“, „ევრონაცები“, ხაზარაძე, გახარია, „გირჩელები“, სალომე ზურაბიშვილი და ა.შ. როდესაც ჭკუა არ გყოფნის, რომ სწორად გააანალიზო მოვლენები, იმაზე მაინც უნდა გეყოს ჭკუა, რომ საერთოდ გაჩუმდე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე განაცხადა.

კობახიძის თქმით, გუშინ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რადიკალურ ოპოზიციას ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა სურს.

„გუშინ მოვისმინეთ უამრავი სისულელე. საუბარი იყო უსაფრთხოების საბჭოს მოწვევაზე, მეორე ფრონტზე, პირდაპირი მოწოდებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით. ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, კოლექტიური ოპოზიციის სახე. ერთი წამით წარმოიდგინეთ, ეს ადამიანები რომ ყოფილიყვნენ გუშინ ხელისუფლების სათავეში, ქვეყანას გახვევდნენ უბედურებაში. ამიტომ საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, გააანალიზოს ყველაფერი, მათ შორის შეაფასოს ამ ოპოზიციის სახე. შეგვიძლია, ამოვიღოთ კონკრეტული ფეისბუქპოსტები, განცხადებები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომლებიც გუშინ წარიმართებოდა. იყო განცხადებები, სადაც პირდაპირ იყო საუბარი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შესვლაზე. ეს არის მათი სახე. როცა ვამბობთ, რომ მათი მიზანი არის მეორე ფრონტი, ეს მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, როდესაც წამოსცდათ ის, რასაც გულში ინახავდნენ ამდენს ხანს. რაც შეეხება უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას, საზღვრების ჩაკეტვას და ა.შ. ხომ გაირკვა გუშინ, უკვე გვიან, რომ ეს ყველაფერი იყო სისულელე, მაგრამ ამ სისულელეს ამბობდა ადამიანი, რომელსაც ჰქვია საქართველოს პრეზიდენტი. მსოფლიოში არავის მოუწვევია უსაფრთხოების და უშიშროების საბჭო. ეს სისულელე იყო იმ მოვლენებზე, რაც გუშინ იყო. გუშინ ამ სისულელეს ითხოვდა მთელი ოპოზიცია“, – განაცხადა კობახიძემ.