საზოგადოება
ჯიმ ო’ბრაიენი: საქართველოს მთავრობამ დიდი სამუშაო შეასრულა

 საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. ჩვენ ვხედავთ, რომ საკმაოდ დიდი სამუშაო შესრულდა საქართველოს მთავრობის მიერ და არის კომპლექსური სისტემა შექმნილი, ეს სისტემა თუ გააგრძელებს მუშაობას, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მოვახდინოთ იდენტიფიცირება, თუ ხდება იმ საქონლით ვაჭრობა, რაც არის აკრძალული, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჯიმ ო’ბრაიენმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალურ დირექტორთან, კუმარ აიერთან ერთად თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჯიმ ო’ბრაიენის თქმით, საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რა მნიშვნელოვანია, რომ შეჩერდეს ოკუპანტი, რომელიც იპყრობს მეზობელ ქვეყანას.

„არ ვისაუბრებ შესაძლო სანქციებზე ან კონკრეტულ შემთხვევებზე. ჩვენ ვხედავთ, რომ საკმაოდ დიდი სამუშაო შესრულდა საქართველოს მთავრობის მიერ და არის კომპლექსური სისტემა შექმნილი. შექმნილი სისტემა თუ გააგრძელებს მუშაობას, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მოვახდინოთ იდენტიფიცირება, თუ ხდება იმ საქონლით ვაჭრობა, რაც არის აკრძალული. ეს არის ახალი სისტემა და მას ვაუმჯობესებთ როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე აქ, ყოველდღიურად. ბევრი დასახელების ელექტროსაქონლით ვაჭრობა იყო ლეგალური გარკვეულ პერიოდამდე, ამ წლის დასაწყისამდე. უკვე თებერვლის ბოლოსკენ ჩემმა მთავრობამ, ასევე ევროკავშირმა და ბრიტანეთმა კონკრეტული დასახელების ნივთებით ვაჭრობა გახადა არალეგალური. უკვე ამის შემდგომ ჩვენ დავინახეთ ვაჭრობის დინამიკის ცვლილება რუსეთის მეზობელ ქვეყნებში ნელ-ნელა. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში ეს სისტემა არსებობს და ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ეს იყოს ეფექტური. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ვაჭრობის დინამიკა შეიცვალა, რუსული ექსპორტი საქართველოში აღდგა ემბარგოს შემდეგ, ზოგიერთ გლობალურ კომპანიას თავისი საქონელი უფრო შემოაქვს საქართველოში ან რუსეთის სხვა მეზობელ ქვეყანაში, ვიდრე თავად რუსეთში.

ჩვენი შეხვედრებისა და ამ ურთიერთობების მთავარი მიზანი ის არის, რომ ჩვენ და საქართველოს მთავრობა ვდგავართ ერთნაირ პოზიციაზე, მათ იციან, რომ ამ დასახელების პროდუქცია და საქონელი არ უნდა შევიდეს რუსეთში. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რა მნიშვნელოვანია, რომ შეჩერდეს ოკუპანტი, რომელიც იპყრობს მეზობელ ქვეყანას და საქართველომ ალბათ ეს ყველაზე კარგად იცის თავისი გამოცდილებიდან და ესმის ამის მნიშვნელობა.

ამასთან, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, შეწყდეს იმ საქონლის მიწოდება რუსეთისთვის, რასაც იგი იყენებს ომის კამპანიისთვის და აქ არ არის საუბარი ერთ და ორ შემთხვევაზე. მთავარია, მას არ ჰქონდეს ეს შესაძლებლობა და ამ მიმართულებით ჩვენ ამ დღეების განმავლობაში საკმაოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა გვქონდა“, – განაცხადა ჯიმ ო’ბრაიენმა.