საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის გაერთიანების შემთხვევაში გახდება შესაძლებელი

 საქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. საუბარია საზოგადოების შეცდომაში შეყვანაზე, რომ აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე მიდის ფარული მოლაპარაკებები. პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არავითარი მოლაპარაკება ამ საკითხზე არ მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კითხვაზე, რა შემთხვევაში შეიძლება, გახდეს შესაძლებელი აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა, ამაზე ერთადერთი პასუხი არსებობს, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის გამთლიანების, გაერთიანების შემთხვევაში.

„ჩვენ არავითარი დაფარული დღის წესრიგი არ გვაქვს, თუ რაიმე საკითხზე გვაქვს საუბარი, ყველამ ყველაფერი იცით როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ასე რომ, აქ კითხვები არ არსებობს. კითხვა დამისვეს, რა შემთხვევაში შეიძლება, გახდეს შესაძლებელი აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაო? ამაზე ერთადერთი პასუხი არსებობს, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის გამთლიანების, გაერთიანების შემთხვევაში. კითხვა დაისვა, რა ხედვა აქვს ჩვენს ქვეყანას აფხაზეთთან მიმართებაში. საერთოდ, მე მიმაჩნია, რომ ჩვენ მიზანმიმართულად, ათ წელზე მეტია უკვე, ქვეყანას, ხელისუფლებას მიჰყავს ჩვენი სტრატეგიული მოთმინებით და პრაგმატული, გონივრული პოლიტიკით ქვეყანა გაერთიანებისკენ. ყოველი დღე, ყოველი ჩვენი მიზანი, გააზრებული ნაბიჯი გვაახლოებს ამ დიდ საერთო ეროვნულ მიზანთან. ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო ეროვნული მიზანი და არა გაუგებარი რაღაც თემები, რომლებიც საზოგადოებას საერთოდ არ აინტერესებს, მათ მიერ გამოგონილი საკითხები. ეს უნდა იყოს მთავარი თემა, მიმაჩნია, რომ ეს არის შესაძლებლობა როგორც ჩვენი აფხაზებისთვის და ოსებისთვის, მთლიანად ქვეყნისთვის, რომ საერთოდ სხვა ქვეყანა მივიღოთ, საერთოდ შეიცვლება ჩვენი ქვეყანა მთლიანად. გამთლიანების შემთხვევაში შეიძლება, სამოთხედ იქცეს ეს ადგილი. აქ მილიარდობით დოლარის ინვესტიცია შემოვა, როგორც კი ქვეყანა გამთლიანდება და დასრულდება ოკუპაცია, ამაზე უნდა იყოს ჩვენი მთელი ძალისხმევა მიმართული, ამაზე ფიქრით უნდა ვიძინებდეთ და ვიღვიძებდეთ ყველანი, მათ შორის, ოპოზიციაც, ესენიც ხომ მოქალაქეები არიან“, – განაცხადა პრემიერმა.