უცხოეთი
სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ ამბოხი, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა ფიცისადმი ერთგულების გამო ვერ შედგა

 საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ პირველად გამოეხმაურა რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ამბოხის მცდელობას. როგორც რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „იტარ-ტასი“ წერს, შოიგუ მიიჩნევს, რომ ამბოხი, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა ფიცისადმი ერთგულების გამო ვერ შედგა.

რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ „პროვოკაციამ არ იმოქმედა უკრაინაში დისლოცირებული სამხედრო დაჯგუფებების ქმედებებზე“.

„სამხედრო მოსამსახურეები მამაცურად და თავგამოდებით ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ ამოცანებს“, – განაცხადა სერგეი შოიგუმ.

შეგახსენებთ, ამბოხის მცდელობა რუსეთში 23-25 ივნისს მოხდა. ე.წ. სამართლიანობის მარშით კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი რუსეთში სამხედრო ხელმძღვანელობის გადაყენებას გეგმავდა. საბოლოოდ მან, ალექსანდრ ლუკაშენკოს შუამავლობით, შეთანხმება გააფორმა, რომლის მიხედვითაც, პრიგოჟინმა თავშესაფარი მიიღო მინსკში, ხოლო „ვაგნერის“ ის მებრძოლები, რომლებიც არ მონაწილეობდნენ ამბოხში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმებას შეძლებენ.

1tv.ge