საზოგადოება
გაერო-ს წარმომადგენელი ნიკ ბერესფორდი: მადლობა შსს-ს, რომ დაცულია თბილისში მიმდინარე პრაიდის ღონისძიების თითოეული მონაწილის უსაფრთხოება

 საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. მადლობა შსს-ს, რომ დაცულია თბილისში მიმდინარე პრაიდის ღონისძიების თითოეული მონაწილის უსაფრთხოება, – ამის შესახებ საქართველოში გაერო-ს წარმომადგენელმა, ნიკ ბერესფორდმა თბილისში მიმდინარე პრაიდთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო თითოეული მონაწილის უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს.

ძალიან მოხარული ვარ, რომ ვესწრებით პრაიდ კვირეულის პირველ დღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და სხვა პარტნიორები. ძალიან მოხარულები ვართ, რომ თემის წევრები აქტიურად იკრიბებიან და იმედია, ძალიან საინტერესო და მხიარული საღამო და ღონისძიება გამოვა. ასევე, მადლობა მინდა, გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ღონისძიების უსაფრთხოება დაცულია და თითოეული მონაწილის უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს. ჩვენ, გაერო დღეს აქ იმიტომ ვართ, რომ ვიცავთ ადამიანის უფლებებს. ადამიანის უფლებები არის ყველასათვის და ვერ გავარჩევთ და ვერ დავიცავთ შერჩევით. ყველას აქვს უფლება იყოს ის, ვინც არის. ყველას აქვს უფლება უყვარდეს ის, ვინც უნდა და ყველას აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი თავი ისე, როგორც უნდა“, – განაცხადა საქართველოში გაერო-ს წარმომადგენელმა ნიკ ბერესფორდმა.

თბილისი პრაიდის კვირეულს მასპინძლობს. კვირეული, რომელიც სამი ღონისძიებისგან შედგება, დღეს გაიხსნა და 8 ივლისს პრაიდ ფესტივალით დასრულდება. დღევანდელ ღონისძიებას ლგბტქ+ ადამიანები, მხარდამჭერები, საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან. განსაკუთრებული სტუმარი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი იქნება.