საზოგადოება
დმიტრო კულება: სთხოვო ელჩს, დატოვოს უკრაინა თავის მთავრობასთან კონსულტაციებისთვის, დიპლომატიაში უკიდურესად მკაცრი ფორმაა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამას იმსახურებს

 საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის კადრების გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს. „ევროპეისკაია პრავდას“ ცნობით, ამ საკითხზე მან უკრაინულ მედიასთან სატელევიზიო ინტერვიუში ისაუბრა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სააკაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესის კადრების გამოქვეყნების შემდეგ „ყველაფერმა პიკს მიაღწია“, რის გამოც კიევმა „მკვეთრი, მაგრამ სამართლიანი ნაბიჯი“ გადადგა.

„როდესაც სახელმწიფო რაღაცით უკმაყოფილოა, პირველი რეაქცია არის პროტესტი. მეორე არის ელჩის კონსულტაციებისთვის გამოძახება და რეაქციის მესამე დონე, რამდენიმე საფეხურით მაღალი სიმძიმით, არის სთხოვო ამ ქვეყნის ელჩს, დატოვოს უკრაინა თავის მთავრობასთან კონსულტაციებისთვის. დიპლომატიაში ეს უკიდურესად მკაცრი ფორმაა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამას იმსახურებს“, – განაცხადა კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას სურს სააკაშვილის „სიკვდილით დასჯა“ პირადი სიძულვილისა და შურისძიების გამო, რასაც კულება „სტალინურ მეთოდად“ აფასებს.

„თუ ისინი სააკაშვილს საშინაო პოლიტიკისთვის საფრთხედ მიიჩნევენ, მიეცით ნება, დატოვოს საქართველო, მშვიდად იცხოვროს უკრაინაში ან მსოფლიოს სხვა ქვეყანაში. და განაგრძეთ იქ ცხოვრება და რუსეთთან დაახლოება, თუ თქვენ ასე გინდათ. ჩვენ ვხედავთ ბრმა, უბრალოდ, სასტიკ პოლიტიკას, მის სიკვდილამდე მიყვანას“, – აღნიშნა კულებამ.

მისი თქმით, საქართველოს ელჩს სამშაბათს დილით გამოიძახებენ, რის შემდეგაც „მასთან სათანადო საუბარი ექნებათ“.