საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: რადიკალურ ოპოზიციას აქვს იმედი, რომ ჩვენთვის სტატუსის მინიჭება უკრაინის მეშვეობით დაიბლოკება

 საქართველო, 6 ივლისი, საქინფორმი. რადიკალურ ოპოზიციას აქვს იმედი, რომ ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინის ხელისუფლების მეშვეობით დაიბლოკება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საბაბიც კი არ არსებობს იმისთვის, რომ დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მენიჭოს.

„თქვენ გუშინ მოისმინეთ დეტალური ანგარიში 12 პუნქტთან დაკავშირებით, საიდანაც ჩანს, რომ დღემდე რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა. შესაბამისად, საბაბიც კი არ არსებობს იმისთვის, რომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭოს, თუ სამართლიანად შეფასდება ჩვენი ქმედებები, მაგრამ გადაწყვეტილება არის პოლიტიკური. როცა გადაწყვეტილება არის პოლიტიკური, დეკემბერში ვიღაცებს შეუძლიათ ზემოქმედება. ამ შემთხვევაში, რადიკალურ ოპოზიციას აქვს იმედი, რომ ერთ-ერთი ვინც განახორციელებს უარყოფით ზემოქმედებას ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, უკრაინის ხელისუფლება იქნება. ისინი ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის, გამოიყენებენ არახამიას, დანილოვს, პოდოლიაკს, რომლებიც საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნას ითხოვდნენ. იმედი მაქვს, საქართველოს მაინც მიენიჭება კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ უშუალოდ უკრაინელ პოლიტიკოსებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დავით არახამია „უსამშობლო ადამიანია“.

„გუშინ რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გამოვიდა და ასეთი რამ თქვა, რომ ზელენსკის შეუძლია დაბლოკოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი. ვიღაცებს ამის იმედი აქვთ, რომ უკრაინის ხელისუფლება იქნება გამოყენებული კანდიდატის სტატუსის დასაბლოკად. რაც შეეხება პირადად არახამიას, მას სამშობლო არა აქვს. არც უკრაინა არის მისი სამშობლო, არც საქართველო, არც რუსეთი. არცერთი სამშობლო არ აქვს მას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინა და საქართველო. აქედან გამომდინარე, თუ ის იმოქმედებს არაპატრიოტული ინტერესების კარნახით უკრაინის ან საქართველოს მიმართ, ის სხვა ინტერესების კარნახით მოქმედებს, რაზეც დეტალებში საუბარი არ მინდა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს კაცი ვერანაირად ღირებული ვერ იქნება იქიდან გამომდინარე, რომ მას სერიოზული პრობლემები აქვს“, - განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადამწყვეტი იქნება არა უკრაინის ხელისუფლების პოზიცია, არამედ „გლობალური ომის პარტიის“.

„უკრაინის ხელისუფლების პოზიცია გადამწყვეტი არ იქნება. გადამწყვეტი იქნება „გლობალური ომის პარტიის“ პოზიცია. თუ მათ ექნებათ სურვილი, რომ კიდევ ერთხელ დაბლოკონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ამის გაკეთება შეუძლიათ. 27-დან ნებისმიერი ერთი ქვეყანა შეუძლიათ გვერდით გაწიონ და ასეთ შემთხვევაში, ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭება. ფაქტორი არის არა უკრაინის ხელისუფლება, არამედ „გლობალური ომის პარტია“. თუ ისინი დეკემბერში დაინახავენ, რომ შენარჩუნებულია ის მდგომარეობა, რომელიც დღეს გვაქვს, თუ დაინახავენ, რომ ხელისუფლებაში არის სრული სიმყარე, თუ დაინახავენ, რომ საზოგადოებაში არის სრული სიმყარე, როგორც დღეს, ასეთ შემთხვევაში, იზრდება ჩვენი შანსი, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭოს. მხოლოდ იმ შემთხვევაში უღირთ სტატუსზე უარი გლობალურ ომის პარტიაში, თუ დაინახავენ, რომ ამით ქვეყანაში სიტუაციას მოარყევენ“, - განაცხადა კობახიძემ.