რელიგია
ანდრია ჯაღმაიძე: მეუფე შიოს სისხლის ანალიზში მძიმე მეტალების დაშვებულზე მეტი შემცველობა აღმოჩნდა

 საქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. მეუფე შიოს მოწამვლის შესახებ ინფორმაციას, შესაძლოა, ჰქონდეს ნაწილობრივი საფუძველი, რადგან სისხლის ანალიზში მძიმე მეტალების დაშვებულზე მეტი შემცველობა აღმოჩნდა, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მეუფე შიო მუჯირის მდგომარეობა ნორმალურია და ყველა პროცესშია ჩართული, რაც მის ყოველდღიურ სამუშაოს უკავშირდება.

„ნაწილობრივ შეიძლება, საფუძველი ჰქონდეს იმ ინფორმაციას, რაც გავრცელდა. ჩვენ გვაქვს ფაქტი, რომ მეუფე შიოს სისხლის ანალიზში არის გარკვეული ცვლილებები, აღმოჩნდა მძიმე მეტალების დაშვებულზე უფრო მეტი შემცველობა. სხვა დაზუსტებით რაიმეს თქმა დღეისთვის რთულია. მეუფე შიოს მდგომარეობა არის ნორმალური, მუშაობს, ყველა პროცესშია ჩართული, რაც მის ყოველდღიურ სამუშაოს უკავშირდება. ეჭვებისა და რაღაც ვარაუდების გამოთქმა, არ მგონია, ახლა მიზანშეწონილი იყოს. უნდა დაველოდოთ, შემდგომი დაკვირვება და კვლევა რას მოგვცემს. ახლა რაც უნდა ვთქვა, ყველაფერი იქნება ვარაუდები და ეჭვები. მთავარია, რომ ორი სხვადასხვა მოსაზრება არსებობს, ერთია, შეიძლება, იყოს ყოფითი რაიმე შემთხვევა, თუმცა არ არის გამორიცხული, იყოს ჩარევაც და, როგორც თქვეს, შესაძლოა, ვიღაცის ინტერესში იყოს მისი ავადმყოფობა“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, გამოძიებისთვის საპატრიარქოს ჯერ ოფიციალურად არ მიუმართავს.

„ვნახოთ ვითარებიდან გამომდინარე, უბრალოდ, ჩვენ თვითონ ვიყავით კვლევის რეჟიმში, ჩვენ უნდა გაგვერკვია, საკვების შემადგენლობაში ხომ არ იყო რაიმე მავნე ნივთიერებები, რაც დროსთან იყო დაკავშირებული. დღეისთვის რაც ვიცით, არის ის, რომ საკვები, რომელსაც იღებს, არის ჯანმრთელი. ყოველ შემთხვევაში, ის საკვები, რომელსაც მისთვის მაღაზიაში ყიდულობენ, ჯანსაღია. ბოლოს ღვთისმსახურებაზე დაახლოებით ორი-სამი კვირის წინ იყო. ზოგადად, მიმაჩნია, რომ როდესაც ხდება ადამიანის დემონიზება და როდესაც არის დემორალიზაციის მცდელობა, ეს ყოველთვის არის წინმსწრები, ვიდრე მასზე რაიმე ფიზიკური ზემოქმედება განხორციელდება. ამიტომ, შესაძლოა, არ დავუკავშიროთ ერთმანეთს ის კამპანია, რაც მიმდინარეობს ზოგადად ეკლესიისა და მეუფე შიოს წინააღმდეგ, თუმცა თეორიულად შესაძლებელია. ანალიზების კვლევა უცხოეთში ტარდება. შეუძლოდ იყო და, ბუნებრივია, ანალიზების გაკეთების საჭიროება დადგა“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.

ამასთან, კითხვაზე, – „დღეს გაიჟღერა თეთრუაშვილის სახელმა და გვარმა. შორენა თეთრუაშვილის კავშირს გამორიცხავთ?“ – ჯაღმაიძემ აღნიშნა:

„ვარაუდები გამოითქვა და ამის ირგვლივ შეიძლება, ათასი რამე ითქვას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შესაძლოა, იყოს ჭორები ნებისმიერ ადამიანზე თქმული“, – განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა.

რამდენიმე ქართულ მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მეუფე შიო მუჯირი მოწამლეს.