უცხოეთი
ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი უკრაინის ომს ჯაშუშების გადაბირების დიდ „შესაძლებლობას“ უწოდებს

 საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. რამდენიმე დღის წინ სიტყვით გამოსვლისას ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ უკრაინის ომი მის უწყებას რუსების გადაბირების შესაძლებლობას აძლევს.

„ომით გამოწვეული უკმაყოფილება რუსეთის ხელმძღვანელობის ღრღნას გააგრძელებს. ეს უკმაყოფილება ცსს-ს − ჩვენს მთავარ სადაზვერვო სამსახურს, უნიკალურ შესაძლებლობას გვიქმნის“, − განუცხადა ბერნსმა ბრიტანულ „დიჩლი ფოუნდეიშენს“ (Ditchley Foundation), იტყობინება ამერიკული საინფორმაციო ვებგვერდი The Hill-ი.

ბერნსმა აღნიშნა, თუ როგორ ცდილობდა ცსს ღიად, სოციალური მედიის გამოყენებით რუსეთში ადამიანების გადაბირებას.

„დროს ფუჭად არ ვკარგავთ. ახლახან სოციალური მედია გამოვიყენეთ − „ტელეგრამზე“ პირველი ვიდეოპოსტი დავდეთ, რათა მამაცმა რუსებმა იცოდნენ, თუ როგორ დაგვიკავშირდნენ უსაფრთხოდ დარქნეტში. ჩვენი ვიდეო პირველ კვირას 2,5 მილიონმა ადამიანმა ნახა. მზად ვართ აქტიური თანამშრომლობისთვის“, − დასძინა ბერნსმა.

მაისში ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ „ტელეგრამსა“ (Telegram) და „იუთუბზე“ (YouTube) გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც რუსებს სთავაზობდნენ, რომ სადაზვერვო სამსახურს Tor-ის (ვებბრაუზერი, რომელიც მომხმარებლის აქტივობას შიფრავს) გამოყენებით დაკავშირებოდნენ.

ამ იდეის მიზანი ის გახლავთ, რომ დარქნეტში, რომლის მეშვეობითაც ლენგლი მთელ მსოფლიოში ინფორმაციას აგროვებს, ცსს-ს საიტს Tor-ის გამოყენებით დაუკავშირდნენ. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო მსგავს ინსტრუქციებს სოციალურ მედიაში დღემდე აქვეყნებს.

იმავე დღეს, როდესაც ბერნსი სიტყვით გამოდიოდა, „სიენენმა“ (CNN) გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცსს-ს დირექტორი ცოტა ხნის წინ კიევში ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ერთ-ერთი ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, მისი ვიზიტი რუსული სამხედრო ისტებლიშმენტის წინააღმდეგ „ვაგნერის“ (Wagner) მეთაურ ევგენი პრიგოჟინის ხანმოკლე აჯანყებამდე განხორციელდა.

CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის პირველმა პირმა უილიამ ბერნსთან შეხვედრა დაადასტურა, თუმცა იქვე დასძინა, რომ მისი ურთიერთობა ამერიკული სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელთან საიდუმლოდ უნდა დარჩეს.

geo-first.com