რელიგია
მოსკოვის საპატრიარქო „თანაგრძნობით აკვირდება“ სიტუაციას მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის გამო

 საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია „თანაგრძნობით აკვირდება“ საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებულ სიტუაციას. ამის შესახებ კრემლის მიერ კონტროლირებულ სააგენტო „ტასს“ განუცხადა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა იგორ იაკიმჩუკმა. მისი თქმით, ფლობენ მხოლოდ იმ ცნობებს, რომლებიც მედიით გავრცელდა.

„რა თქმა უნდა, განვიცდით მეუფის გამო. ის ადრე მოსკოვში მსახურობდა წმინდა გიორგის ტაძარში და წმინდა ტიხონის უნივერსიტეტში სწავლობდა“, - განაცხადა მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელმა.

სენაკის და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო(მუჯირი), რომელიც 2017 წლიდან საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეა, მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი 2001 წელს გახდა და პარალელურად სწავლობდა მოსკოვის წმინდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.