პოლიტიკა
ლაშა დარსალია: დევნილთა დაბრუნების საკითხი როგორც კი დგება დღის წესრიგში, რუსეთის დელეგაცია ტოვებს ჟენევის მოლაპარაკებათა მაგიდას

 საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. ჟენევის მოლაპარაკებებზე დევნილთა დაბრუნების საკითხი როგორც კი დგება დღის წესრიგში, რუსეთის დელეგაცია ტოვებს მოლაპარაკებათა მაგიდას, ყველა წინა რაუნდის მსგავსად, ეს განმეორდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 58-ე რაუნდზეც, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

დარსალიას თქმით, რუსეთის ფედერაცია არ ავლენს არანაირ ნიშანს, რომ დაიწყოს საკითხის განხილვა.

დევნილთა დაბრუნების თემა არის ცენტრალური საკითხი ჟენევის მოლაპარაკებებზე. სამწუხაროდ, რუსეთის დელეგაციის მხრიდან გრძელდება პრაქტიკა, როგორც კი ეს საკითხი დგება დღის წესრიგში, ისინი ტოვებენ მოლაპარაკებათა მაგიდას. ყველა წინა რაუნდის მსგავსად, ეს განმეორდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 58-რაუნდზეც. რუსეთის ფედერაცია არ ავლენს არანაირ ნიშანს, რომ დაიწყოს ამ საკითხის განხილვა, ეს კი ექვსპუნქტიანი შეთანხმების ცენტრალური თემაა უსაფრთხოების საკითხებთან ერთად. ჟენევის პროცესში ნებისმიერი პროგრესი განიხილება მხოლოდ ამ საკითხებზე წინსვლით. შესაბამისად, ადრე თუ გვიან, ეს საკითხები გადასაჭრელი იქნება და ეს არანაირ სურვილზე არაა დამოკიდებული. ეს არის ჩვეულებრივი ვალდებულებები, რომელიც რუსეთს გააჩნია როგორც საერთაშორისო სამართლით, ისე ექვსპუნქტიანი შეთანხმებით, რომელიც უნდა შეასრულოს. ეს დადგენილია საერთაშორისო სასამართლოებით, საერთაშორისო სამართლის ნორმებით, ნებისმიერი საერთაშორისო პროცესით, რეზოლუციებით და მათ შორის თავად ექვსპუნქტიანი შეთანხმებითაც, რომ საქმე გვაქვს ქართულ-რუსულ კონფლიქტთან, რუსეთის მიერ ტერიტორიების ოკუპაციასთან, რომელზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

რუსეთის დელეგაციამ ჟენევის მოლაპარაკებები დევნილთა დაბრუნების საკითხის განხილვისას ამჯერადაც დატოვა. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინმა განაცხადა, დევნილთა დაბრუნების საკითხი უნდა იყოს განხილული მშვიდ, არაპოლიტიზებულ გარემოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებთან“.