უცხოეთი
ცხინვალის ე.წ. დელეგაცია - საქართველოს მცდელობა, მიტინგის ისტერია თბილისის ქუჩებიდან ჟენევის ტერიტორიაზე გადაეტანა, წარუმატებელი აღმოჩნდა

 საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. ქართველი მონაწილეების მცდელობა, მიტინგის ისტერია თბილისის ქუჩებიდან ჟენევის ტერიტორიაზე გადაეტანათ, წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა შეხვედრის ატმოსფეროზე უარყოფითად იმოქმედა საქართველოში მიმდინარე ანტირუსულმა კამპანიამ, რომელსაც თან ახლდა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ აგრესიული რიტორიკა, - ამის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 58-ე რაუნდის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. დელეგაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მათი მტკიცებით, საქართველოს სამხედრო პოტენციალის მუდმივი ზრდის ფონზე სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება, თუმცა „ქართული მხარის დესტრუქციული პოზიცია“ პრობლემის გადაწყვეტის საშუალებას არ იძლევა.

„სამხრეთ ოსმა, აფხაზმა და რუსმა მონაწილეებმა დისკუსიებში პრიორიტეტული ყურადღება მიაქციეს სამართლებრივად სავალდებულო დოკუმენტის შემუშავების აუცილებლობას, რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უსაფრთხოების გარანტიას, საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შედეგად. ასეთი დოკუმენტი იქნება საფუძველი სტაბილურობის შესანარჩუნებლად. საქართველოს წარმომადგენლების მიერ დაფიქსირებული დესტრუქციული პოზიცია არ იძლევა პროგრესს ამ საკვანძო საკითხის გადაწყვეტაში, რომელიც სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება საქართველოს სამხედრო პოტენციალის მუდმივი ზრდის ფონზე“, - აცხადებენ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. დელეგაციაში.

შეგახსენებთ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 58-ე რაუნდი 11-12 ივლისს გაიმართა.

interpressnews.ge