პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: პროვოკაციების მიზანია - სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ!

   2023 წელს საქართველო დაექვემდებარა უპრეცედენტო ტერორს დასავლეთისა და მისი დამქაშების - კიევის რეჟიმისა და ადგილობრივი ოპოზიციის მხრიდან. საქართველოს წაუყენეს ულტიმატუმი - ან რუსეთთან იომებს, ან უკრაინა დაიპყრობს საქართველოს. უკრაინა და საქართველო რუკაზე ერთად შემოხაზული და ერთი ფერით ნაჩვენებია როგორც ერთიანი ანტირუსული კონტური, მიუხედავად მათ შორის საზღვრის არარსებობისა. საქართველო მიბმულია უკრაინაზე ხელისუფლებაში პრეზიდენტ სააკაშვილის მოსვლის დღედან, რომელსაც უკრაინასთან ბევრი რამ აკავშირებს: ომი 08.08.08., "ნარინჯისფერი რევოლუცია", "ევრომაიდანი", სააკაშვილის აქაური გუნდი, რომლითაც დააკომპლექტეს უკრაინის ხელისუფლება - რუსეთის წინააღმდეგ კიევისა და თბილისის ურთიერთდახმარებას 20-წლიანი ისტორია აქვს!

   უკრაინაში სააკაშვილის ჩასვლისა და „ნაცმოძრაობის“ ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ, ინტეგრაცია გაძლიერდა, რადგან კიევის რეჟიმსა და აქაურ რადიკალებს საერთო ანტირუსული ინტერესები აერთიანებს. სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ მიზნად დაისახეს, საქართველო უკრაინის პროტექტორატის ქვეშ გადასცენ, რათა ის რუსეთს არ ერგოს! ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მთელი ადგილობრივი სპექტრი, მათ შორის - ტელეკომპანიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მენეჯერები, მუდმივად სტუმრობენ კიევს თანამზრახველებთან შესახვედრად (გასულ კვირას უმაღლესი რადას სხდომას ნიკა გვარამია დაესწრო). სააკაშვილის რეჟიმის ბევრი ჩინოვნიკს - ე.წ. "ქართველ რეფორმატორებს" და „ძალოვანы“ - კვლავაც უკავიათ თანამდებობები უკრაინაში, ხოლო მამულაშვილის "ქართული ლეგიონი" და უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა ქვედანაყოფები კვლავ ავსებენ თავის რიგებს საქართველოდან ჩასული მოხალისეებით. უკრაინაში უფრო მეტი ქართველი დაქირავებული მებრძოლი დაიღუპა, ვიდრე ქართულმა სამხედრო კონტინგენტმა ერაყისა და ავღანეთის მისიებში! გაძლიერდა ქართული ოპოზიციური ლობი უკრაინის ხელისუფლებაში, რომელსაც სააკაშვილის შემდეგ სათავეში ჩაუდგა დავით არახამია (დაბ. სოჭში, ბავშვობაში რამდენიმე წელი გაგრაში ცხოვრობდა), უმრავლესობის ლიდერი უმაღლეს რადაში ზელენსკის მმართველი პარტიიდან „ხალხის მსახური“.

   მხოლოდ უკრაინა, საქართველოს გარეშე, დასავლეთს არ სჭირდება - სხვაგვარად არ ჩაანაცვლებდნენ მონურად მორჩილ პოროშენკოს, რომელმაც სააკაშვილი უკრაინიდან გააძევა და მიშას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, ზელენსკით, რომელმაც პუტინის რჩევით სააკაშვილს უპირველეს ყოვლისა დაუბრუნა უკრაინის მოქალაქეობა, თავად სააკაშვილი კი - უკრაინის პოლიტიკაში. უკრაინა საქართველოსთან კომპლექსში განიხილება, ამიტომაც ისინი ერთმანეთს „ასოცირებულ ტრიოში“ და „ყირიმის პლატფორმაზე“ დააკავშირეს. თუმცა, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ (მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა) უარი განაცხადა რუსეთთან ომზე, თუმცა უკრაინას სამართლებრივი, პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარება გაუწია და დღესაც აგრძელებს მასთან „ცალმხრივი მეგობრობის“ რეჟიმში ყოფნას.

   საქართველოს ხელისუფლების ასეთი „ამორალური“ (ზელენსკის განმარტებით) პოლიტიკა დასავლეთისა და მისი უკრაინელი რწმუნებულისთვის განსაკუთრებული სიურპრიზი ვერ იქნებოდა - „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ 2013 წლიდან მოახდინა ტერიტორიული პრობლემების მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის დეკლარირება. ამიტომ, პუტინის მიერ სპეცოპერაციის დაწყებამდე 3 თვით ადრე, საქართველოში სააკაშვილი შემოგზავნეს „ევრომაიდანის“ სარეალიზაციოდ. მაგრამ გეგმა თავიდანვე მარცხისთვის იყო განწირული - სააკაშვილს თავისივე „ნაციონალებმა“ უღალატეს, რომლებმაც 2008 წელს, რუსეთთან უნისონში, აუღელვებლად აღიარეს, რომ ქართულმა არმიამ კასეტური ბომბები გამოიყენა, რომლებითაც ცხინვალი და გორი დაბომბა! ახალი ხელისუფლების ძალისხმევით, სტრასბურგის სასამართლომ ეს ფაქტი არ დაადასტურა, მაგრამ ახლა საქმე სააკაშვილის მომხრეების ორპირობაში როდია, რომლებმაც არა მარტო თავის ლიდერს, არამედ სამშობლოსაც უღალატეს: თუ 2008 წლის აგვისტოში აკრძალული კასეტური ბომბების გამოყენება (საქართველოს, თუ რუსეთის მიერ, არ აქვს მნიშვნელობა) დასავლეთი კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულად მიიჩნევდა, რატომ დღეს, 15 წლის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა კასეტური ბომბები უკრაინას მიაწოდა?!

   ასეა თუ ისე, მაგრამ სააკაშვილის დაკავებისა და უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ დასავლელი პოლიტიკოსები, დიპლომატები და კიევის მეთაურები იძულებულნი გახდნენ საქართველოს ხელისუფლებისთვის პირდაპირ შეეთავაზებინათ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ძალისმიერი ვარიანტი: ქართული არმია თავს ესხმის რუს სამხედრო ბაზებს ცხინვალში, სოფელ ჯავასა და გუდაუთაში, რაც აიძულებს რუსეთს ამიერიდან ორ ფრონტზე იბრძოლოს, ხოლო უკრაინის დახმარება დროულად მოვა - "ქართული ლეგიონისა" და "აზოვის" გაერთიანებული დესანტი. მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის ძალისმიერ დაბრუნებაზე - "ქართული ოცნების" ავანტიურაზე დაყაბულების შემთხვევაში, საქართველო ნატოსა და რუსეთის შეტაკების პლაცდარმად იქცეოდა და განადგურდებოდა!

საქართველომ ასევე უარი თქვა ეკონომიკურ სუიციდზე - არ გამოუცხადა ინდივიდუალური ანტირუსული ეკონომიკური სანქციები და არ გადასცა ამერიკისგან ნაყიდი „ჯაველინები” უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, რაც დასავლეთისა და კიევისთვის "უკანასკნელ წვეთად" იქცა. მაგრამ რაკიღა რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნაზე უარის თქმას ვერ დაასახელებდნენ საქართველოს ურჩი ხელისუფლების ცვლილების მიზეზად, აამოქმედეს პროვოკაციები, რომლებმაც, დასავლური სპეცსამსახურების ჩანაფიქრით, უნდა გამოიწვიოს სიტუაციის ესკალაცია, რომელიც საქართველოში სამხედრო სპეცოპერაციის ჩატარების საფუძვლად იქცევა გადასხმული უკრაინული დესანტის მიერ.

პროვოკაცია № 1 - „კანონი უცხოელი აგენტების შესახებ“. წარმატებით განხორციელდა: საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი უკან იქნა გაწვეული რუსთაველზე პროვოკაციების, პოლიციის მანქანებისა და თავად პოლიციელების „მოლოტოვის კოქტეილებით“ დაწვის შედეგად. ამგვარად, საქართველოს ხელისუფლებას ბრალი დასდეს კრემლზე მუშაობაში და არ მისცეს საშინაო საქმეებში საგარეო ჩარევის - ასობით მილიონი დოლარისა და ევროს „გრანტების“, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის დაფინანსების ოფიციალურად ლუსტრირების საშუალება.

პროვოკაცია № 2 - „გვარამიის გათავისუფლება“. წარმატებით განხორციელდა: სააკაშვილის მთავარი პროპაგანდისტული ტელეკომპანიის გენდირექტორი, სააკაშვილის რეჟიმის ყოფილი მინისტრი და გენპროკურორის მოადგილე, რომელიც ტელეკომპანიის თანხებიდან ნახევარი მილიონი დოლარის მითვისებისთვის გაასამართლეს, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეიწყალა. გამოცხადდა, რომ „საქართველოს პრორუსმა ხელისუფლებამ ვერ ჩაახშო თავისუფალი მედიის, ჟურნალისტების, სიტყვის თავისუფლების ხმა!“.

პროვოკაცია № 3 - "თბილისი პრაიდი". წარმატებით განხორციელდა: მიუხედავად იმისა, რომ LGBTQI + დასკვნითი ფესტივალის გამართვის საშუალება მოქალაქეებმა არ მისცეს, საქართველო გამოცხადდა რუსეთის მსგავს ქვეყნად, რომელიც არღვევს სექსუალური უმცირესობების უფლებებს დასავლური დიპკორპუსის აღსაშფოთებლად! ხოლო საქართველოში LGBTQI+ პროპაგანდის შედეგად მკვეთრად გაიზარდა პედოფილიის შემთხვევები, მაშასადამე, არასრულწლოვანთა გაუპატიურება ლამის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. გარდა ამისა, მკვეთრად გახშირდა მასობრივი ჩხუბი და სროლა ქუჩებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, რაც პროპაგანდის შედეგია - აქაოდა, „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა ევროატლანტიკურ ღირებულებებს და საქართველო ისევ მოსკოვისკენ მოაქცია, ამიტომ ერთადერთი, რაც უცვლელია ამ ცხოვრებაში, ქურდული იდეალები და ძალის კულტიაო!

პროვოკაცია № 4 - "დარიშხანი თანამოსაყდრისთვის". მიზანი მიღწეული არ არის: საქართველოს ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მიტროპოლიტი შიოს ჯანმრთელობა იმდენად მაგარი აღმოჩნდა, რომ, მიუხედავად დარიშხანით მოწამვლისა, რომლის კვალიც მის პანაგიასა და სავარძელზე აღმოჩნდა, თავს კარგად გრძნობს და ჩველებრივ მსახურობს.

პროვოკაცია № 5 - "სააკაშვილის გათავისუფლება". განხორციელების სტადიაშია: "პუტინის პირადი პატიმარი" უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებამ, რუსეთის გულის გასახარად, მძიმე ლითონებით მოწამლა! - თითქმის ორი წლის განმავლობაში "მომაკვდავის" სიმულაცია მილიონობით დოლარი დაჯდა (დასავლელი ლობისტები, პროპაგანდა პრესაში და ევროპარლამენტარების მოსყიდვა, ოპოზიციის ფლეშმობები და ა.შ.). მიუხედავად სტრასბურგის დასკვნისა, რომ „სააკაშვილის სამედიცინო დახმარება შეესაბამება უმაღლეს ევროსტანდარს“, ამას მოჰყვა ზელენსკის, ასევე უზენაესი რადას და ევროპარლამენტის დეპუტატების მიმართვა საქართველოს პრეზიდენტისადმი - შეიწყალოს სააკაშვილი და უკრაინაში ან პოლონეთში სამკურნალოდ გაუშვას. ოპოზიციისა და სააკაშვილების ოჯახის მიერ მოთხოვნილი ახალი ექსპერტიზის შედეგების გაყალბების მიზნით, გასულ კვირას ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა ბიონიმუში - სააკაშვილისგან აღებული ანალიზის სინჯი - ქაღალდში შეახვია და სცადა კლინიკიდან მისი მალულად გატანა წინდი-ფეხსაცმელში.

ყურადღება! შემთხვევითი როდია, რომ ევროპარლამენტისა და უზენაესი რადას დეპუტატებმა მიმართვა მიიღეს ვილნიუსის ნატოს სამიტზე უკრაინის მარცხიდან მეორე დღეს - რომელსაც მისცეს „MAP-ზე მეტი“ და „ნატო-უკრაინის საბჭო“, ანუ ყველაფერი ის, რაც საქართველოს - მრავალი წლის წინ. ამით ზელენსკის აშშ-სა და ნატოს დაშანტაჟება სურს - რომ უკრაინას ორჯერ მეტი იარაღი გამოუყონ, რადგან, აქაოდა, უკრაინა რუსეთს ებრძვის არა მხოლოდ საკუთარი, არამედ საქართველოსა და სააკაშვილის თავისუფლებისთვისაც! ამიტომ უკრაინა, რომელიც ყოველდღიურად ფრონტზე ათასობით ჯანმრთელ ახალგაზრდა უკრაინელს უაზროდ კარგავს, ამდენ დროს უთმობს სააკაშვილის დამპალ ფიტულს!

რეზიუმე:

თუ სააკაშვილს შეიწყალებენ, ის უკრაინაში გაემგზავრება და მალე "გამოჯანმრთელებული", უკრაინის დესანტის სათავეში დაბრუნდება. ჩანაფიქრით, სააკაშვილის საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნების სპეცოპერაცია აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსული სამხედრო ბაზების დაბომბვით გაგრძელდება.

ხოლო თუ სააკაშვილს არ შეიწყალებენ, მაშინ უკრაინა დე იურე გაწყვეტს საქართველოსთან დიპლომატიურ ურთიერთობას (დე ფაქტო გაწყვეტილია, უკრაინამ დიდი ხნის წინ გაიწვია თავისი ელჩი და გააძევა საქართველოს ელჩი) და სააკაშვილის დასახსნელად საქართველოში დესანტს გადმოსხამს. შემდგომ - სცენარის მიხედვით (იხ. ზემოთ).

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2023 წლის 16 ივლისი
საქართველო, თბილისი