სამართალი
სალომე სამადაშვილი: ბელგიამ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველო უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოიღოს - ეს ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება რუსეთს ემსახურება

 საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. ბელგიამ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოიღოს, რომელიც ევროკავშირში უსაფრთხო ქვეყნებად ითვლება - ბელგიის ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს და არა საქართველოს, - ეს განცხადება პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა გააკეთა.

სამადაშვილის თქმით, ბელგიამ აღნიშნული გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება კანონის უზენაესობას და საკუთარი მოქალაქეებისთვის მინიჭებული უფლებების დაცვას ვერ უზრუნველყოფს.

სამადაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ როცა ბელგია ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, არსებობს სერიოზული საფრთხე იმისა, რომ ბელგიას სხვა ქვეყნები მიჰყვეს და არც ის არის გამორიცხული, რომ რომელიმე მათგანმა ევროკავშირის დღის წესრიგში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამუშავების საკითხი დააყენოს.

"ბელგიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის, როგორც იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ვისაც საკუთარი ხელისუფლება ვერ იცავს, ლტოლვილის სტატუსის მინიჭება გამარტივებული პროცედურით მოხდეს. აღნიშნული გადაწყვეტილება საგანგაშოა და გამოწვევა, რომელსაც ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს, ჩვენს ქვეყანასა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმს უკავშირდება. იმისათვის, რომ საქართველომ მრავალწლიანი შრომის შედეგად მიღებული ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შეინარჩუნოს, ქვეყანა უსაფრთხო ქვეყნად უნდა ითვლებოდეს. ჩვენი ქვეყნის რუსული ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროპულ ორბიტას საბოლოოდ ჩამოშორდეს. მაშინ, როდესაც ეს ხელისუფლება ტაშით მიეგება ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოსთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ, საკუთარი პოლიტიკით საფრთხე შეუქმნა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთავარი ეროვნული ამოცანა ამ ხელისუფლების შეცვლა უნდა იყოს", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.