პოლიტიკა
ხელისუფლება პატრიარქის მოთხოვნის მიმართ უპატივცემულობას იჩენს

ilia2-2როგორც ცნობილია, საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი რელიგიური გაერთიანებებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირების სტატუსის მინიჭების მიზნით „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილება შედის. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც კანონში ცვლილებების შეტანის პროცედურის შეწყვეტას ითხოვს.

უწმიდესის მოთხოვნას ხელისუფლების სხვადასხვა შტოში სხვადასხვაგვარი გამოხმაურება მოჰყვა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს და მედიის წარმომადგენლებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტისკენ მიუთითებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კი კანონში ცვლილებების შეტანას მიესალმება და აღნიშნავს, რომ „საქართველოში მოქმედი რელიგიური კონფესიების სტატუსის შეცვლის საკითხს ბევრი მეგობარი ქვეყანა სვამდა“.

რჩება შთაბეჭდილება, რომ შეტევა საპატრიარქოსა და პატრიარქზე ხშირად სწორედ მაშინ იწყება, როდესაც იგეგმება უწმიდესის შეხვედრა მის სულიერ ძმასთან, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან, უწმიდეს კირილთან. გავიხსენოთ, თუნდაც, ბოლო შემთხვევა, როდესაც საქართველოსა და რუსეთის პატრიარქები ერთმანეთს ჩრდილოეთ ოსეთში, ქალაქ ვლადიკავკაზში, უნდა შეხვედროდნენ, საიდანაც საქართველოს ტერიტორიაზე – ყაზბეგის რაიონში, უნდა გადმოსულიყვნენ. თუმცა ვიზიტი არ შედგა, რადგან ქართულ მედიაში – ზოგიერთ ტელეარხსა და ბეჭდურ მედიასაშუალებაში, ამაზრზენი კამპანია დაიწყო მართლმადიდებლობის, საპატრიარქოსა და პირადად პატრიარქის წინააღმდეგ (აღნიშნული მედიასაშუალებების დასახელება ამ შემთხვევაში ზედმეტად მიგვაჩნია).

ამჯერადაც, როცა მიმდინარე წლის 22 ივლისს კიევში ილია მეორეს უწმიდეს კირილთან შეხვედრა იგეგმება, ჩნდება ეჭვი – ხომ არ დაიწყო პატრიარქზე მორიგი შეტევა?!

მეორე მხრივ კი, აღნიშნული კანონპროექტის მიღება, ალბათ, სრულიად სომეხთა პატრიარქ გარეგინ მეორეს საქართველოში ცოტახნისწინანდელ ვიზიტსაც უკავშირდება, როცა მხარეების მიერ ერთობლივი კომუნიკეს მიღებაც იგეგმებოდა, თუმცა დოკუმენტზე სომხურმა მხარემ ხელი არ მოაწერა. ამის მიზეზი კი სომხური სამოციქულო ეკლესიის მიერ ქართული ეპარქიისთვის სტატუსის განსაზღვრის საკითხი იყო, რადგან ქართული მხარის მზაობას – სომხური სამოციქულო ეკლესიის ქართულ ეპარქიას არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსი მინიჭებოდა, სომხეთის ეკლესია არ დათანხმდა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მმართველმა გუნდმა, კანონი სასწრაფო წესით შეცვლილიყო.

აღსანიშნავია, რომ პატრიარქის დღევანდელ განცხადებაში ხაზგასმულია ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, კერძოდ, ის, რომ მსგავსი საკითხები რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყდეს, თუმცა ნათელია, რომ ხელისუფლება პატრიარქის მოთხოვნას უპატივცემულოდ ეპყრობა.

 

საქინფორმი