პოლიტიკა
ვახტანგ მახარობლიშვილი: გვაქვს მოლოდინი, რომ ბელგიის გადაწყვეტილება შეიცვლება და საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიას დაუბრუნდება

 საქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის, ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით, მიმდინარე ეტაპზე ბელგიამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღებასთან დაკავშირებით.

მახარობლიშვილის თქმით, გაიმართება კონსულტაციები და დაზუსტდება, რა კონკრეტული მიზეზი შეიძლება ყოფილიყო აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი. მახარობლიშვილის განმარტებით, შესაძლოა, ეს რაიმე ტექნიკური ან სტატისტიკური მიზეზით ყოფილიყო განპირობებული.

ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით, აქვს მოლოდინი, რომ შესაბამისი სტატისტიკების თუ მონაცემების გადახედვის შემდეგ გადაწყვეტილება შეიცვლება და საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიას დაუბრუნდება.

ევროკავშირის სახელმწიფოთა დიდ უმრავლესობას საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში ჰყავს. მოგეხსენებათ, რომ მსგავსი ტიპის შეფასების პრინციპით სარგებლობს მხოლოდ 20 ქვეყანა 27 სახელმწიფოსგან. 20 სახელმწიფოდან 16 სახელმწიფოს საქართველო შეყვანილი ჰყავს უსაფრთხო ქვეყნების სიაში. მიმდინარე ეტაპზე ბელგიამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ამოღებასთან დაკავშირებით. აქვე მინდა, დავძინო, რომ ეს არის ძალიან ცვალებადი. ნებისმიერი სახელმწიფო ნებისმიერ წელს შეიძლება, სხვადასხვა მიზეზით იყოს ამოღებული ან დამატებული. ჩვენ გავმართეთ კონსულტაციები ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, მათი ძალიან ღია რეკომენდაცია და პოზიცია არის დადებითი, რომ საქართველო უნდა იყოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს და დავაზუსტებთ, რა კონკრეტული მიზეზი შეიძლება ყოფილიყო. შეიძლება ეს ყოფილიყო რაიმე ტექნიკური ან სტატისტიკური მიზეზი. მოგეხსენებათ, პანდემიის შემდგომ ყველა სახელმწიფოსთან მიმართებით იყო გარკვეული მატება მობილობასთან დაკავშირებით, თუმცა აქვე დავამატებ, რომ კონკრეტულად ბელგიასთან დაკავშირებით მიმდინარე წელს გვაქვს ვარდნა. ამიტომ გვაქვს გარკვეული მოკრძალებული მოლოდინიც, რომ მას შემდეგ, რაც მოხდება, ასე ვთქვათ, შემდგომი გადახედვა შესაბამისი სტატისტიკების თუ მონაცემების, საქართველოსთან მიმართებით გადაწყვეტილება შეიცვლება და საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიას დაუბრუნდება.

ამ კონკრეტულ თემატიკასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ერთი უწყება არ იღებს გადაწყვეტილებას, რამდენიმე უწყების მოსაზრების ერთობლიობაა. ამ შემთხვევაში შეიძლება აღვნიშნოთ, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მონაწილეობას იღებს საგარეო საქმეთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, მასთან არსებული საემიგრაციო სამსახური, ამავროულად, ბელგიის ფედერალური კომისრის სამსახური, რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ დევნილების და თავშესაფრის მაძიებელთა თემებთან. ამიტომ გარკვეულწილად მოსაზრებების ერთობლიობა იყო. საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსაზრება და პოზიცია უკვე მოგახსენეთ, გარკვეულწილად მოსაზრება გაზიარებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. ჩვენ კონკრეტული მიზეზის დაზუსტების პროცესში ვართ და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს მიზეზი შესაძლოა, იყოს თუნდაც გასული წლის რაიმე სტატისტიკურ მონაცემებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

ვახტანგ მახარობლიშვილის განმარტებით, არ არსებობს ფიქრის საფუძველი, რომ ბელგიის გადაწყვეტილება იმოქმედებს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე.

არანაირი მსგავსი კომუნიკაცია, მინიშნება ევროკავშირის მხრიდან არ განხორციელებულა. დღეს გვაქვს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების, ანუ ასოცირების კომიტეტის სხდომა და მსგავსი ტიპის გზავნილი ევროკავშირის მხრიდან არ დაფიქსირებულა. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ევროკავშირის ქვეყნების დიდი უმრავლესობა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებს. ზოგადად ევროკავშირის პოზიცია ასეთია და უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით ამ ეტაპზე რაიმე საფრთხეს ნამდვილად არ ველოდებით“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.