სამართალი
გივი მიქანაძე: ქართულ-რუსული უნივერსიტეტის გახსნაზე გავრცელებული ინფორმაცია იმ კამპანიის ნაწილია, რომლითაც რადიკალური ოპოზიცია ცდილობს ხელისუფლების საქმიანობა რუსეთს დაუკავშიროს

 საქართველო, 26 ივლისი, საქინფორმი. ქართულ-რუსული უნივერსიტეტის გახსნაზე გავრცელებული ინფორმაცია იმ კამპანიის ნაწილია, რომლითაც რადიკალური ოპოზიცია ცდილობს ხელისუფლების საქმიანობა რუსეთს დაუკავშიროს, მაგრამ ეს არის ნონსენსი, - ამის საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი რამ "არ იხილება და ვერც განიხილება".

„გუშინ სამინისტრომ გააკეთა განცხადება ამის თაობაზე. თქვენ ვერ მაჩვენებთ ვერანაირ დოკუმენტს, რომელიც ამჟამად იხილება. ეს არის თითიდან გამოწოვილი და ეს არის მცდელობა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ და რიგმა ტელევიზიებმა საზოგადოებას მიაწოდონ არასწორი ინფორმაცია და შეუქმნან მცდარი წარმოდგენები. ესაა იმ კამპანიის შემადგენელი ნაწილი, რომლითაც რადიკალური ოპოზიცია ცდილობს რაღაცნაირად ხელისუფლების საქმიანობა რუსეთს დაუკავშიროს, მაგრამ ეს არის ნონსენსი. საქართველოს ხელისუფლების საქმიანობა დაკავშირებულია ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან და კატეგორიულად გამორიცხავს რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ავლას და ეს ხელისუფლებამ არა მარტო სიტყვით, პრაქტიკული მოქმედებებით დაამტკიცა და საქართველოში ჩამოსულმა მაღალჩინოსნებმა, რომლებიც მონიტორინგს უწევენ სანქციების აღსრულებას, ეს საჯაროდ დაადასტურეს", - განაცხადა მიქანაძემ.

ინფორმაციისთვის, პრიმაკოვის სახელობის ცენტრის ხელმძღვანელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ თბილისში ქართულ-რუსული უნივერსიტეტის მშენებლობა იგეგმება და ამისთვის უკვე ადგილს ეძებენ.

რუსულ-ქართული უნივერსიტეტის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნის მოთხოვნით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განცხადება არ შესულა.

"გავრცელებული ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით არის დეზინფორმაცია, რომელიც ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, განათლების სისტემისა და ხელისუფლების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას“, - ნათქვამია განცხადებაში.