სამართალი
ქართულმა ბანკებმა „უნისტრიმის“ მეშვეობით ფულადი გზავნილები შეწყვიტეს

 საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. ქართულმა ბანკებმა „ქართუ ბანკმა“ და „ტერაბანკმა“, ასევე ყაზახური „ჰალიკ ბანკის“ ქართულმა ფილიალმა 26 ივლისს რუსული „უნისტრიმის“ მეშვეობით ფულადი გზავნილები შეწყვიტეს. ამის თაობაზე საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ იტყობინება.

მანამდე 21 ივლისს, „უნისტრიმის“ სისტემის გამოყენება ყველა ძირითადმა ქართულმა ბანკმა – „თიბისი ბანკმა“, „ლიბერთიმ“, „საქართველოს ბანკმა“, „კრედო ბანკმა“ და „ბაზისბანკმა“ შეწყვიტეს. ამასთან, „რიკო კრედიტმა“, რომელსაც არაერთი ფილიალი აქვს საქართველოში და გზავნილების მიღების თვალსაზრისით საკმაოდ პოპულარულია უცხოელებში, განაცხადა, რომ მანაც შეწყვიტა გადახდის ამ სისტემის გამოყენება.

გერმანულმა „პროკრედიტ ბანკმა“, აზერბაიჯანულმა „ფაშა ბანკმა“ და თურქულმა „ისბანკმა“, რომლებიც საქართველოში ფუნქციონირებენ, განაცხადეს, რომ მან აქამდე არ განუხორციელებიათ ტრანზაქციები „უნისტრიმის“ მეშვეობით.

გადაწყვეტილება სანქციების დაწესების თაობაზე აშშ-ის 20 ივლისის განცხადებას მოყვა, რომლის მიზანიც მოსკოვისთვის მსოფლიო საფინანსო სისტემაზე წვდომის შეზღუდვაა. „უნისტრიმთან“ ერთად, სანქციები ასევე დაეკისრათ Tinkoff Bank-ს, Locko-Bank-ს, Petersburg Social Commercial Bank (PSCB)-ს და Solidarnost-ს.

რუსული მედიის ინფორმაციით, „უნისტრიმი“ ფულადი გზავნილების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სისტემაა, რომელსაც რუსეთის მოქალაქეები იყენებენ. ბოლო 1.5 წელიწადში, „უნისტრიმის“ მეშვეობით საქართველოში 1.775 მილიარდი აშშ დოლარი გადმოირიცხა. 2023 წლის პირველ ნახევარში, გზავნილების თითქმის ერთი მესამედი (32%) „უნისტრიმზე“ მოდიოდა.