რელიგია
ილია მეორე: დიდად ვწუხვართ შოვში სტიქიის დროს გარდაცვლილთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გამო

 საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. მთელი ჩვენი მოსახლეობა და ჩვენც შეშფოთებით ვადევნებთ თვალს რაჭაში გუშინ მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად განვითარებულ მოვლენებს და, ბუნებრივია, პირველ რიგში, დიდად ვწუხვართ გარდაცვლილთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გამო, – ამის შესახებ აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადებაში.

რა თქმა უნდა, მორწმუნენი ლოცვით შეწევნას გუშინდელი დღიდანვე აღავლენენ, მაგრამ ათეულობით ადამიანის მდგომარეობა კვლავ გაურკვეველია.

ამიტომაც გთხოვთ ყველას, მათ დასახმარებლად 12-ჯერ ვთქვათ: „მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა“, ამინ! ასევე, ერთხელ 90-და 50-ფსალმუნი. ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს საქართველო და ყოველნი მკვიდრნი მას შინა“, – აღნიშნავს ილია მეორე.