უცხოეთი
სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ პოლონეთი დასავლეთ უკრაინის ოკუპაციისთვის სამხედრო შენაერთის შექმნას გეგმავს

 საქართველო, 10 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ პოლონეთი დასავლეთ უკრაინის ოკუპაციისთვის სამხედრო შენაერთის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ სერგეი შოიგუმ თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე განაცხადა.

„არსებობს გეგმები, რეგულარულ საფუძველზე შეიქმნას ე.წ. პოლონურ-უკრაინული შენაერთი, ვითომდა დასავლეთ უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, არსებითად კი ამ ტერიტორიის შემდგომი ოკუპაციისთვის“, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.

შოიგუს განცხადებით, დასავლეთის მიერ უკრაინაში რესურსების დაბანდების მზადყოფნა კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის საფრთხეს ქმნის. მისივე თქმით, ნატო-ს შეუძლია, ფინეთში განათავსოს შეიარაღება, რომელიც რუსეთის კრიტიკულ ობიექტებს დაარტყამს.

„დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით, სტრატეგიული მიმართულებებით რუსეთის ფედერაციის წინაშე არსებული სამხედრო საფრთხეები გაიზარდა. სერიოზულ დესტაბილიზაციურ ფაქტორს ქმნის ფინეთის ნატო-ში შესვლა და პერსპექტივაში ალიანსში შვედეთის გაწევრიანება. ფინეთის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, განთავსდება დამატებითი სამხედრო კონტინგენტი და ნატო-ს შეიარაღება, რომელსაც შესაძლებლობა ექნება, მნიშვნელოვან სიღრმეზე დაარტყას კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებს რუსეთის ჩრდილო-დასავლეთით“, – განაცხადა შოიგუმ.

მისივე განცხადებით, რუსეთის დასავლეთ საზღვრებთან სამხედრო შენაერთების გაძლიერება მოხდება.

„დღეს კოლეგიაზე განვიხილავთ ლენინგრადისა და მოსკოვის სამხედრო ოლქების შექმნას და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შენაერთების გაძლიერებას ჩვენს დასავლეთ საზღვრებზე“, – განაცხადა შოიგუმ.

ამასთან, როგორც სერგეი შოიგუმ აღნიშნა, რომ რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს საზღვრებთან ამჟამად დისლოცირებულია 260 ათასი სამხედრო მოსამსახურე, რაც აღმოსავლეთ ევროპის სამხედრო კონტინგენტსაც მოიცავს.

„აღნიშნული საფრთხეები, რომლებიც რუსეთის სამხედრო უსაფრთხოებას ემუქრება, დროულ და ადეკვატურ რეაგირებას საჭიროებს“, – განაცხადა შოიგუმ.

1tv.ge