პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: შეიძლებოდა თუ არა 2008 წლის ომის თავიდან აცილება? დიახ, შეიძლებოდა, ამისათვის, უნდა დავჩენილიყავით ჩამორჩენილ, გაუბედურებულ, კორუმპირებულ ქვეყნად

 საქართველო, 10 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა იმ შემთხვევაში, თუკი, საქართველო „კრიმინალურ, კორუმპირებულ ქვეყნად დარჩებოდა, რომელსაც რუსეთი ნებისმიერ დროს დამართებდა ყველაფერს, რასაც მოისურვებდა“. აღნიშნულთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

სააკაშვილის თქმით, მას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი პირდაპირ სთხოვდა, ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებად მათი აგენტები დაენიშნა.

ჩემი პასუხი ივანიშვილის მოლაპარაკე თავებს! შეიძლებოდა თუ არა, 2008 წლის ომის თავიდან აცილება? დიახ, შეიძლებოდა. რა უნდა გაგვეკეთებინა ამისათვის:

1. აჭარაში ასლანი დაგვეტოვებინა და ხელი აგვეღო ბათუმის განვითარებაზე;

2. ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებად მათი აგენტები უნდა დაგვენიშნა, როგორც ამას პირდაპირ მთხოვდა პუტინი;

3. არ უნდა შევბრძოლებოდით კორუფციას, რადგან ძირითადად მათ ეყრდნობოდა რუსული გავლენა საქართველოში;

4. არ უნდა გაგვეტარებინა არც ერთი რეფორმა, ვინაიდან რეფორმებს რუსეთი განიხილავს საშიშ პრეცედენტებად;

5. არ უნდა გვევლო ევროკავშირისა და ნატო-სკენ;

6. არ უნდა გვეთქვა უარი ენერგეტიკაში რუსულ სქემებზე და შესაბამისად, სიბნელეში დაგვეტოვებინა საქართველო;

7. არ უნდა შეგვექმნა ქართული არმია და სამხედრო წარმოება. ერთი სიტყვით, დავჩენილიყავით ჩამორჩენილ, გაუბედურებულ, კრიმინალურ, კორუმპირებულ ქვეყნად, რომლის ბედი მსოფლიოში არავის დააინტერესებდა და რომელსაც რუსეთი ნებისმიერ დროს დამართებდა ყველაფერს, რასაც მოისურვებდა“, - წერს სააკაშვილი.