აქტუალური
გიორგი წერეთელი: სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მიერ გააქტიურდა ნეგატიური განცხადებები რიკოთის უღელტეხილის შესახებ, ცდილობენ, შიში დაუმკვიდრონ საზოგადოებას

 საქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. ბოლო დღეებია, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფისა და ადამიანების მიერ გააქტიურდა ნეგატიური განცხადებები რიკოთის უღელტეხილის შესახებ. ცდილობენ, შიში დაუმკვიდრონ საზოგადოებას, თითქოს რიკოთის უღელტეხილზე რაიმე ხდება, – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი წერეთელმა განაცხადა.

მისივე თქმით, რიკოთის უღელტეხილზე სამშენებლო სამუშაოები გეგმაზომიერად მიმდინარეობს.

გარკვეული მონაკვეთები დაწინაურებულია და წლის ბოლომდე იქნება გახსნილი, შესული ექსპლუატაციაში. ყველა ფერდი, რომელიც რიკოთის უღელტეხილზე იყო, პროექტის შესაბამისად დამუშავდება და აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება უსაფრთხო იქნება.

მთლიანობაში, რიკოთის უღელტეხილი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერაა დაფინანსებული. ესენია: მსოფლიოს ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი. მათივე მეთვალყურეობის ქვეშ შერჩეული იქნა საპროექტო ორგანიზაციები, რომლებიც საერთაშორისო ნდობის საპროექტო ორგანიზაციები არიან. აღნიშნული დონორი ორგანიზაციების მიერ მოხდა პროექტის ხელახლა გადახედვა, რევიზია, რომელმაც დადებითი დასკვნა გასცა. ამაში მონაწილეობას იღებდა არაერთი სპეციალისტი და გამოცდილი ადამიანები – ბრიტანელები, ავსტრალიელები, იტალიელები. შესაბამისი დონორი ორგანიზაციების წესით მოხდა ყველა კომპანიის შერჩევა“, – განაცხადა გიორგი წერეთელმა.

გიორგი წერეთლის განცხადებით, სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი ჩინური კომპანიები, რომლებთანაც კონტრაქტია გაფორმებული, სანქცირებულთა სიაში არ იმყოფებოდნენ.

სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებენ შესაბამისი გამოცდილების ჩინური კომპანიები. მინდა, ხაზგასმით და პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ როცა ხელშეკრულება გაფორმდა, არცერთი ეს კომპანია არ იყო სანქცირებულთა სიაში. მათთან კონტრაქტი მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ გაფორმდა, რაც შესაბამის დონორ ორგანიზაციებთან ყველა პროცედურა შეთანხმდა“, – განაცხადა გიორგი წერეთელმა.

ამასთან, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რიკოთის უღელტეხილის გზის მშენებლობის პროცესში კორუფციული გარიგება არ მომხდარა და ამასთან დაკავშირებით ვერავინ ვერცერთ ფაქტს ვერ მოიყვანს.

რიკოთის უღელტეხილის 52-კილომეტრიანი გზის მშენებლობა 2019 წლიდან მიმდინარეობს. 97 ხიდი, 51 გვირაბი შენდება ერთად და კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით ვერცერთი ადამიანი ვერცერთ ფაქტს ვერ მოიყვანს. კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით არცერთი კონკრეტული ფაქტი არ ყოფილა. ყველა კომპანია, მათ შორის, საპროექტო ორგანიზაციები, საზედამხედველო ორგანიზაციები და მშენებლობის განმახორციელებელი ორგანიზაციები შერჩეული არიან დონორთან შეთანხმებით“, – განაცხადა გიორგი წერეთელმა.