პოლიტიკა
პრემიერი: საქართველო შეიძლება იქცეს მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის ქვეყნად

 საქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. ჩემი ხედვა საქართველოსთან მიმართებით გულისხმობს მეტი კეთილდღეობის, განვითარებისა და წინსვლის, სწრაფი მოდერნიზაციისა და ტრანსფორმაციის უზრუნველყოფას ჩვენი ხალხისთვის, საქართველო შეიძლება იქცეს მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის ქვეყნად,– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან (CCTV) ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

პრემიერ–მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მშვიდობაზეა ორიენტირებული და ამ პრაგმატული, კონსტრუქციული პოლიტიკით სვლას გააგრძელებენ, რაც მიზნად ისახავს არსებული პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაჭრას.

„ჩემი მთავრობა მშვიდობაზეა ორიენტირებული. ჩვენ გვსურს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა ჩვენი ხალხისთვის. ჩვენ ნამდვილად შევძელით ბოლო 10 წლის განმავლობაში მშვიდობის შენარჩუნება საქართველოში. ეს არის ერთადერთი უწყვეტი მშვიდობიანი და სტაბილური არსებობის პერიოდი. ამიტომ, გავაგრძელებთ ამ პოლიტიკით სვლას, ამ პრაგმატული, კონსტრუქციული პოლიტიკით სვლას, რაც მიზნად ისახავს ჩვენი პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაჭრას. ამდენად, ჩემი ხედვა საქართველოსთან მიმართებით გულისხმობს მეტი კეთილდღეობის, მეტი განვითარებისა და წინსვლის, სწრაფი მოდერნიზაციისა და ტრანსფორმაციის უზრუნველყოფას ჩვენი ხალხისთვის. საქართველო შეიძლება იქცეს მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის ქვეყნად“,– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, რას ფიქრობს მშვიდობის და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად ჩინეთის მიერ არჩეულ მოდერნიზაციის გზაზე, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ჩინეთმა სწრაფი ცვლილება განიცადა და მიმდინარე მოდერნიზაციის პროცესი ძალიან შთამბეჭდავია.

ჩინეთმა ძალიან სწრაფი ცვლილება განიცადა. ამჟამად, მიმდინარე მოდერნიზაციის პროცესი ნამდვილად ძალიან შთამბეჭდავია. კვლავაც, ეს მომდინარეობს პრეზიდენტი სი ძინპინისგან, მისი პოლიტიკიდან და ინიციატივებიდან, რასაც მეტი კეთილდეობა მოაქვს ჩინელი ხალხისთვის. ეს შეიძლება იქცეს ინსპირაციად სხვა ქვეყნებისა და ერებისთვის. ასე მაგალითად, პირველად ჩინეთში 2015 წელს ვიყავი. მას შემდეგ ცვლილებებს მრავლად ვხედავთ ყოველწლიურად. დიდია გაუმჯობესების მასშტაბი. ზრდა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და მიმაჩნია, რომ ყოველივე ეს ძალიან კარგია, ძალიან შთამბეჭდავია! ამდენად, მინდა მოგიწონოთ და მოგილოცოთ კიდევ ერთხელ ყოველივე ის, რასაც მიაღწიეთ ბოლო ათწლეულში, განსაკუთრებით პრეზიდენტ სი ძინპინის ლიდერობის პერიოდში“,– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.