უცხოეთი
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ბელარუსმა თავდასხმები უნდა შეწყვიტოს და გაათავისუფლოს 1000-ზე მეტი აქტივისტი, რომლებიც ციხეებში ჰყავს - ჩვენ არ გვინდა ცუდი ურთიერთობები

 საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებას უპასუხა, რომლის თანახმადაც, ბელარუსს პოლონეთთან ურთიერთობების დალაგება სურს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, პაველ იაბლონსკის თქმით, თუ ბელარუსს პოლონეთთან კარგი ურთიერთობები სურს, ამის გზა ძალიან მარტივია.

„ბელარუსმა ჩვენს საზღვარზე თავდასხმები უნდა შეწყვიტოს და გაათავისუფლოს 1000-ზე მეტი აქტივისტი, რომლებიც ბელარუსულ ციხეებში იმყოფებიან", - განაცხადა იაბლონსკიმ.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება ბელარუსის ხელისუფლებამ უნდა მიიღოს, რადგან პოლონეთი ამ ქვეყნის მიმართ არასდროს იყო მტრულად განწყობილი.

„ჩვენ არ გვინდა ცუდი ურთიერთობები ბელარუსთან, პირიქით, გვსურს, რომ ეს ურთიერთობები რაც შეიძლება საუკეთესო იყოს, მაგრამ ბელარუსის ხელისუფლება იქცევა ისე, როგორც იქცევა და ცუდ ურთიერთობებზე პასუხისმგებლობა მას აკისრია. ბელარუსი - უბრალოდ ქვეყანაა, რომელიც პოლონეთის მიმართ მტრულად არის განწყობილი", - ნათქვამია განცხადებაში.

interpressnews.ge