საზოგადოება
რა ეტაპზეა გზის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე

 საქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმი. რიკოთის უღელტეხილზე გზის ძირითადი მონაკვეთების მშენებლობის პროექტი 86%-ით შესრულებულია, ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.

რიკოთის საგზაო მონაკვეთი აღმოსავლეთი–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის (E-60) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. რიკოთზე საერთო ჯამში დაგეგმილია 51,6 კმ-მდე სიგრძის მაგისტრალური ოთხზოლიანი გზის მშენებლობა, რომელიც 97 ხიდსა და 51 გვირაბს მოიცავს. ამ მონაკვეთის დასრულება მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის პროექტით გათვალისწინებული 51 გვირაბიდან 45 გვირაბი უკვე გაჭრილია. პროექტით დაგეგმილი 97 ხიდიდან, 81 ხიდი უკვე აშენებულია. ამასთან, 12 გვირაბით და 22 დასრულებული ხიდით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს", - ნათქვამია განცხადებაში.

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა ოთხ მონაკვეთად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი–ხევის 11,6 კმ-იან, ხევი–უბისას 12,2 კმ-იან, უბისა–შორაპნის 13 კმ-იან და შორაპანი–არგვეთას 14,7 კმ-იან მონაკვეთებად.

რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობა საუკუნის პროექტია, რომელიც ხორციელდება ურთულეს გეოგრაფიულ მარშრუტზე ურთულესი საინჟინრო ნაგებობებით.

რიკოთის მონაკვეთი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაში გარდამტეხი პროექტია, რადგან მისი რეალიზაციის შედეგად ავტომაგისტრალის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში უკვე აშენებული მონაკვეთები ერთმანეთს დაუკავშირდება.

ამ დროისათვის რიკოთზე გადაადგილების საშუალო სიჩქარე 60 კმ/სთ-ია, მშენებლობის დასრულების შემდეგ გადაადგილების დასაშვები სიჩქარე გაიზრდება, რიგ მონაკვეთებზე კი თითქმის გაორმაგდება. ახალი გზა საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს ითვალისწინებს.

აღმოსავლეთი–დასავლეთის გზის ყველა მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ „წითელი ხიდიდან" (აზერბაიჯანთან საზღვარი) სარფამდე (თურქეთთან საზღვარი) ჩასვლა რვა საათის ნაცვლად 4–4,5 საათში იქნება შესაძლებელი.

აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.

საქართველოში Е-60 იწყება აზერბაიჯანის საზღვარზე და შავი ზღვის სანაპიროზე, ფოთის პორტთან სრულდება. საქართველოს ტერიტორიაზე დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.