პოლიტიკა
ეჩმიაძინი სააკაშვილს ემადლიერება

Echmiatsin_Armeniaწმიდა ეჩმიაძინი სომხური სამოციქულო ეკლესიისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმება და მადლიერებას გამოხატავს პრეზიდენტ სააკაშვილისადმი, რაკი მან ამ საკითხში სომხური სამოციქულო ეკლესიისადმი შემხვედრი ნაბიჯი გადადგა.

ეჩმიაძინის პრესმდივან ვარგამ მელიქიანის განცხადებით, "ეს პროცესი გარეგინ მეორეს საქართველოში ვიზიტის დროს მიღწეული შეთანხმების შედეგად განხორციელდა".

"ვიზიტის ფარგლებში კათოლიკოსმა გარეგინ მეორემ და საქართველოს პრეზიდენტმა მიაღწიეს შეთანხმებას იმასთან დაკავშირებით, რომ სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ქართული ეპარქიისა და ამ ქვეყანაში სომხური სათვისტომოს წინაშე მდგომი საკითხები ეტაპობრივად გადაწყდებოდა. პირველ ეტაპზე სომხეთის სამოციქულო ეკლესიისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში მოქმედ რამდენიმე რელიგიური გაერთიანებისთვის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს", - განაცხადა მელიქიანმა.

რაც შეეხება სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორეს პოზიციას, მელიქიანის თქმით, "ჯერ კიდევ გარეგინ მეორეს საქართველოში ვიზიტის დროს ილია მეორე ამ საკითხის განხილვის გადატანის ინიციატივით გამოვიდა".

მისივე აზრით, "ქართული ეკლესიის შეშფოთება არა იმდენად სომხური სამოციქულო ეკლესიისა და სხვა ტრადიციული ეკლესიებისთვის სტატუსის მინიჭებას შეეხება, რამდენადაც სექტებს, რელიგიურ ორგანიზაციებსა და მიმდინარეობებს".

"საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში სწორედ ეს ჩანს" – მიიჩნევს მელიქიანი.

კითხვაზე, იქნება თუ არა შემდეგი ნაბიჯი სომხური სამოციქულო ეკლესიისთვის სომხური ეკლესიების დაბრუნების საკითხი, მელიქიანმა განაცხადა: "შემდეგი ეტაპი სწორედ სომხური სამოციქულო ეკლესიის ქართული ეპარქიისთვის სომხური ეკლესიების დაბრუნებას ითვალისწინებს, რათა ეპარქიამ შეძლოს, სომეხ ხალხს სრულფასოვნად ემსახუროს და ამ ეტაპზე საუბარი 6 ეკლესიაზეა".

 

საქინფორმი