უცხოეთი
ლატვიის სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ ახლა პუტინის მმართველობა სტაბილურად გამოიყურება, რუსეთში საპროტესტო აქციები ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა გამორიცხული არ არის

 საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. ლატვიის სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ ახლა ვლადიმერ პუტინის მმართველობა სტაბილურად გამოიყურება, რუსეთში საპროტესტო აქციები ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა გამორიცხული არ არის.

კონსტიტუციის დაცვის ბიურომ, რომელსაც უშიშროების სამსახურის ფუნქციები აქვს და სადაზვერვო, კონტრდაზვერვის ფუნქციებს ასრულებს, ანგარიში წარადგინა, სადაც აღნიშნავს, რომ რუსეთში სოციალურ-პოლიტიკური აპათია გაზრდილია.

„ამ ტენდენციის დანახვა შესაძლებელია სოციოლოგიურ გამოკითხვებში. რუსული საზოგადოება სიფრთხილეს იჩენს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მოსაზრება არ ემთხვევა მთავარ პოლიტიკურ ხაზს“, – ნათქვამია ლატვიის დაზვერვის შეფასებაში.

დაზვერვის მოსაზრებით, „ვაგნერის“ ამბოხს არ ჰქონია უარყოფითი გავლენა პუტინის მმართველობის შეფასებაზე, მაგრამ არსებობს იმის ფიქრის საფუძველი, რომ „ვაგნერის“ ლიდერის მხარდაჭერა ამის შემდეგ შემცირდა.

„ამბოხამდე პრიგოჟინს მოსახლეობის თითქმის ნახევარი უჭერდა მხარს, ამბოხის შემდეგ კი – მხოლოდ მეხუთედი. ამავდროულად, თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერა გაიზარდა“, – ნათქვამია ლატვიის დაზვერვის შეფასებაში.

მოხსენების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომის მიმართ რუსეთის საზოგადოების დამოკიდებულება რთულია, არ არსებობს მნიშვნელოვანი საფრთხე, რაც პუტინის რეჟიმის სტაბილურობას ემუქრება.

1tv.ge