საზოგადოება
მარკ რუტე: F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები უკრაინას რაც შეიძლება მალე გადაეცემა

 საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე იმედოვნებს, რომ F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები უკრაინას რაც შეიძლება მალე გადაეცემა.

მისი თქმით, ნიდერლანდებმა მაისში განაცხადა, რომ უკრაინელ სამხედროებს F-16-ებზე გაწვრთნიდნენ.

მაგრამ ყველას ესმის, რომ შეუძლებელია წვრთნების ჩატარება, თუ თვითმფრინავები არ არის. თვითმფრინავებზე წვრთნების ჩატარება მოითხოვს თვითმფრინავების მიწოდებას. დღეს შეგვიძლია გამოვაცხადოთ, რომ ნიდერლანდები და დანია მზად არიან უკრაინასა და უკრაინის საჰაერო ძალებს F-16 თვითმფრინავები გადასცენ, როდესაც საჭირო პირობები დაკმაყოფილდება", - განაცხადა ნიდერლანდების პრემიერმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

კითხვაზე, თუ რამდენი თვითმფრინავი მიეწოდება უკრაინას და რამდენ ხანს გაგრძელდება მფრინავების მომზადება, რუტემ უპასუხა, რომ ნიდერლანდებს ამჟამად F-16 ტიპის 42 თვითმფრინავი ჰყავს, თუმცა, ამ ეტაპზე, დანამდვილებით ვერ იტყვის, რამდენი მათგანი გადაეცემა უკრაინას.

რაც შეეხება წვრთნების ჩატარების ვადებს, რუტემ აღნიშნა, რომ ამჟამად მიმდინარეობს ენასთან დაკავშირებული სწავლება და მომავალში სამხედრო წვრთნა რაც შეიძლება მალე დაიწყება.

ეს მოხდება ძალიან სწრაფად, რაც შეიძლება მალე, რათა უკრაინას თვითმფრინავები გადაეცეს. გვინდა, რომ რაც შეიძლება მალე შევიდეს ექსპლუატაციაში. ანუ ვიმედოვნებთ, რომ სამხედრო წვრთნა რაც შეიძლება მალე დაიწყება და ამის შემდეგ თვითმფრინავების ოპერირება შესაძლებელი გახდება და ვიმედოვნებთ, ეს რაც შეიძლება მალე მოხდება", - განაცხადა ნიდერლანდების პრემიერმა.