საზოგადოება
რუსული კოსმოსური ხომალდი Luna-25 მთვარეს შეეჯახა და განადგურდა

 საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. რუსული კოსმოსური ხომალდი Luna-25 მთვარეს შეეჯახა და არსებობა შეწყვიტა, - ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის კოსმოსურ სააგენტო "როსკოსმოსის" პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

აპარატი არაპროგნოზირებად ორბიტაზე გადავიდა და მთვარის ზედაპირთან შეჯახების შედეგად არსებობა შეწყვიტა", - ნათქვამია "როსკოსმოსის" განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, მისიის ჩაშლის მიზეზებს სპეციალური კომისია შეისწავლის.

უპილოტო ხომალდი Luna-25 11 აგვისტოს რუსეთის ამურის რეგიონიდან, "ვოსტოჩნი კოსმოდრომიდან" გაუშვეს. ის მთვარეზე ორშაბათს ან სამშაბათს უნდა დაშვებულიყო. "როსკოსმოსმა" დღეს დილით განაცხადა, რომ გუშინ საღამოს Luna-25-თან კონტაქტი დაკარგა. ეს მთვარეზე რუსეთის პირველი მისია იყო ბოლო 50 წლის განმავლობაში.