სამართალი
200 ქართველი კინემატოგრაფისტი ეროვნულ კინოცენტრს ბოიკოტს უცხადებს

 საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. 200-ზე მეტმა კინემატოგრაფისტმა, მათ შორის რეჟისორებმა, მსახიობებმა, სცენარისტებმა, ოპერატორებმა და კინოსტუდიებმა განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც საქართველოს ეროვნულ კინოცენტრს ბოიკოტს უცხადებენ. ბოიკოტს წინ უძღოდა კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ კინოცენტრში განხორციელებული რეორგანიზაცია და ხელმძღვანელ პოზიციებზე მისადმი ლოიალურად განწყობილი პირების დანიშვნა.

პროტესტის ნიშნად, ჩვენ აღარ მივიღებთ მონაწილეობას მიტაცებული კინოცენტრის გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში, ჩვენ უარს ვამბობთ საკონკურსო კომისიების წევრობაზე, რადგან არ გვსურს ვიქცეთ ფორმალურ თანამონაწილედ იმ პროცესისა, რომელსაც ქართული თანამედროვე კინო, კულტურა და მეცნიერება განადგურებისაკენ მიჰყავს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კინემატოგრაფისტები პროტესტის პირველივე დღეებიდან ითხოვენ კინოცენტრის დირექტორის დანიშვნის წესის შეცვლას.

გვჯერა, რომ კინოცენტრის დირექტორი უნდა იყოს არჩეული მხოლოდ გამჭვირვალე და საჯარო პროცესით, სფეროს წარმომადგენლების მიერ და არ იყოს დანიშნული მინისტრის ერთიპროვნული გადაწყვეტილებით. მხოლოდ დემოკრატიული წესით არჩეული მმართველის პირობებში შეძლებს კინოცენტრი უზრუნველყოს ქართველი კინემატოგრაფისტების სიტყვის, გამოხატვისა და შემოქმედების თავისუფლება“, – აცხადებენ კინემატოგრაფისტები.