აქტუალური
გიორგი ბოტკოველი: მედვედევის განცხადება მოტივაციის მიმცემია ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რომ უფრო მეტი რუსული განცხადებები გააკეთონ

 საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. მედვედევის განცხადება მოტივაციის მიმცემია ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რომ უფრო მეტი და კარგი რუსული განცხადებები გააკეთონ, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მედვედევის განცხადების შემდეგ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ერთ ტონში, ერთი მოტივაციით საუბარი რუსული ოცნების და კრემლის საერთო მიზანია.

"ფაქტობრივად, ცდილობენ, რომ ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ გადასცენ რუსეთს და მისი გუბერნია გახადონ. მედვედევის განცხადება არა შეთანხმებული, არამედ მოტივაციის მიმცემია ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რომ უფრო მეტი და კარგი რუსული განცხადებები გააკეთონ. მედვედევი ჩვეულებრივი პუტინის წარმომადგენელია, მაგრამ შესაძლოა, ივანიშვილი პუტინის უფრო მეტად წარმომადგენელია დღეს, ვიდრე მედვედევი.

ისინი შეხმატკბილებულად იმეორებენ იმ მესიჯებს, რაც კრემლში იწერება. პროევროპული პრეზიდენტი რატომ შეიძლება მოეწონოს მედვედევს? მათი მიზანია აგრესია, ის, რომ ყველა ტერიტორია მიიტაცოს, რომელიც მიაჩნიათ, რომ მათ მფლობელობაში უნდა იყოს. დღეს 20% მიტაცებული აქვს რუსეთს. ნებისმიერი განცხადება, პრეზიდენტის, თუ ევროპის მხარდაჭერის, რა თქმა უნდა მიუღებელია.

მედვედევის განცხადების შემდეგ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ერთ ტონში, ერთი მოტივაციით საუბარი რუსული ოცნების და კრემლის საერთო მიზანია. ხელისუფლება ორკესტრირებულად აკეთებს იმას, რა მიზანიც პუტინს აქვს“,- აღნიშნა ბოტკოველმა.

ცნობისთვის, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პრაგმატიზმით გამოირჩევა. როგორც მან RT-სთან ინტერვიუში განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტი ფრანგია, რომელიც კატეგორიულად გამოდის ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინააღმდეგ.